მეტოქის შვილმა დაანოკაუტა | ვანდერლეი სილვა კლინიკაში გადაიყვანეს
UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა, ვანდერლეი სილვამ კრივში სცადა ბედი. ბრაზილიელმა სან პაულუში გამართულ ღონისძიებაზე იასპარეზა და ასელინო ფრეიტასს დაუპირისპირდა. სილვამ აკრძალული ილეთები გამოიყენა და საბოლოოდ, დისკვალიფიკაციით დამარცხდა, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
მოკრივეების კუთხეების წარმომადგენლები რინგზე შევარდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში ვანდერლეიც ჩაერთო, რომელსაც ფრეიტასის შვილისგან ძლიერი დარტყმა მოხვდა და სილვა ნოკაუტში აღმოჩნდა.
როგორც გაირკვა, ვანდერლეის ფრეიტასის შვილმა დაარტყა და ჩხუბის შემდეგ ბრაზილიელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და სილვა უკვე გაწერეს. ჩხუბის შემდეგ ფრეიტასმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ვანდერლეისა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
მომხდარზე სილვამაც ისაუბრა. ვანდერლეიმ განაცხადა, რომ თავს მთლად კარგად არ გრძნობს, მხედველობის პრობლემები აქვს და თავის ტკივილი ვერ მოიშორა. უახლოეს პერიოდში, ის გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს ზუსტად რა სჭირს.