საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს | უდინეზეს მწვრთნელი ქართველს არ ენდობა

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში „სასუოლომ'' შინ „უდინეზეს'' 3:1 მოუგო. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა საბა გოგლიჩიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კვლავ არ შეცვალა, საბა ამ მატჩშიც სათადარიგოთა სკამზე დასვა და არ ათამაშა.

„უდინეზე'' სერია A-ს საწყის სამ ტურში არ დამარცხებულა, თუმცა ბოლო ორი ტურის მატჩები დათმო, მე-4 ტურში „მილანთან'' და დღეს „სასუოლოსთან''.

მე-4 ტურში „მილანთან'' მარცხის შემდეგ რუნიაიჩმა გოგლიჩიძის შესახებ თქვა: „გოგლიჩიძემ სერია A-ში თამაშის გამოცდილება მიიღო. გასულ სეზონში ის „ემპოლიში'' თამაშობდა, მაგრამ ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ იმავე „ემპოლისთან'' ერთად გავარდა. ჩვენ საბას გასაზრდელად დროს ვაძლევთ''.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „უდინეზემ’’ 5 მატჩი ჩაატარა, სამ შეხვედრაში გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ორ მატჩში ცვლილებაზე ათამაშა. მეორე ტურში მილანის „ინტერთან’’ გოგლიჩიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა რუნიაიჩის ნდობა კვლავ ვერ დაიმსახურა. მეტიც, საბას სათამაშო დრო შემცირდა.

„უდინეზემ’’ იტალიის თასზე ორი ეტაპი გაიარა, პირველ ეტაპზე „კარარეზესთან’’ გოგლიჩიძემ მატჩის დასკვნითი 14 წუთი ითამაშა, „პალერმოსთან’’ სკამზე იჯდა. რუნიაიჩმა საბა სასტარტო 11-ეულში იტალიის თასზეც არ შეიყვანა.

სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ საბამ კლუბში მხოლოდ 14 წუთი ითამაშა, მესამე ტურში „პიზასთან'' ცვლილებაზე გამოვიდა.

ოქტომბრის სანაკრებო მატჩების წინ „უდინეზეს'' ერთი მატჩი რჩება ჩასატარებელი, სერია A-ს მორიგ ტურში, 5 ოქტომბერს „კალიარის'' მიიღებს. ესპანეთთან და თურქეთთან მატჩებისთვის საბას სათამაშო დრო ძალიან სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს | პსჟ-მა ლიდერობა დაიბრუნა
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს | პსჟ-მა ლიდერობა დაიბრუნა