კამერუნის შემდეგ ნიგერიაც - სუპერარწივები მსოფლიოზე არ ითამაშებენ
აფრიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდი დასრულდა. ოთხგუნდიანი პლეიოფი კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოიგო და კონფედერაციათაშორის პლეიოფში ითამაშებს.
ერთმატჩიან ნახევარფინალებში ნიგერიამ გაბონს მოუგო (4:1 დამატებით დროში), კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კი კამერუნს (1:0). ამის შემდეგ პლეიოფის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაუპირისპირდნენ.
„სუპერარწივები“ მესამე წუთზე „ბრენტფორდის“ ნახევარმცველის, ფრენკ ონიეკას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა პირველივე ტაიმში კონგოელთა ნახევარმცველმა მეშაკ ელიამ („ალანიასპორი“) ანგარიში გაათანაბრა. მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც კონგოელთამ მეკარემ ორი დარტყმა მოიგერია - საბოლოო ჯამში კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სერია 4:3 მოიგო და ვიქტორ ოსიმენის, ალექს აივობის და ადემოლა ლუკმენის ნიგერია მუნდიალის საგზურის გარეშე დატოვა.
რაც შეეხება კონფედერაციათაშორის პლეიოფს, ის 2026 წლის მარტში გაიმართება. მუნდიალის ორი საგზურისთვის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბოლივია, ახალი კალედონია, ერთი აზიური და ორი ჩრდილოამერიკული ქვეყანა იბრძოლებენ. ამ მატჩების ყველა მონაწილე 18 ნოემბერს გაირკვევა, წილისყრა კი 20 ნოემბერს ციურიხში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ აფრიკიდან მუნდიალის საგზურები პირდაპირ მოიპოვეს მაროკომ, ტუნისმა, ეგვიპტემ, ალჟირმა, განამ, კაბო-ვერდემ, სამხრეთ აფრიკამ, სენეგალმა და კოტ-დ'ივუარმა.