ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, იტალია პლეი-ოფში
უკვე ოფიციალურად, ნორვეგიის ფეხბურთელთა ნაკრები ისტორიაში მეოთხედ, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. სკანდინავიელებს მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ მუნდიალზე თამაში პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდათ, თუმცა ცოტა ხნის წინ, იტალიასთან 4:1 გამარჯვებით მათ ამის უფლება ოფიციალურად მიიღეს.
სტალე სოლბაკენის გუნდმა დღევანდელ მატჩში იტალიას პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და სან სიროზე 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე „სკუადრა აძურამ“ ესპოზიტოს გოლით გახსნა და ტაიმი 1:0 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ნორვეგიამ ჯენარო გატუზოს გუნდს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ანგარიში 63-ე წუთზე ნუსამ გაათანაბრა. 78-ე და 79-ე წუთებზე ჰოლანდის დუბლით ნორვეგია 3:1 იგებდა, საბოლოო ანგარიში კი 93-ე წუთზე, ლარსენმა დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ ნორვეგიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი უდანაკარგოდ ჩაატარა და 8-დან 8 თამაში მოიგო. სტალე სოლბაკენის გუნდმა 37 გოლი გაიტანა და 5 ბურთი გაუშვა, 8 ტურის შემდეგ კი ქულათა მაქსიმუმი, 24 ქულა დააგროვა. შედეგად, ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალია კი პლეი-ოფში იასპარეზებს.