ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

დონჩიჩის ისტორიული მატჩი და გამარჯვება | მამუმ ყოფილ გუნდს 11 ქულა ჩაუგდო

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ქართველი კალათბურთელის ყოფილი გუნდი, „ტორონტო რეპტორსი“ დაამარცხა. „მამუმ“ და კომპანიამ საშინაო არენაზე ითამაშეს და კანადელებს 131:125 მოუგეს.

მამუკელაშვილმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი და 31 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სანდრომ 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, რომელთაგან ერთი ჯარიმით ჩააგდო. როდესაც „მამუ“ პარკეტზე იყო, „ლეიკერსმა“ მეტოქეზე შვიდით მეტი ქულა დააგროვა.

ლოს ანჯელესელთა მხრიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელსაც ისტორიული საღამო ჰქონდა. სლოვენიელი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ და შეხვედრა 45 ქულით, 15 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 5 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა.

ლუკამ 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და მისი პარკეტზე ყოფნისას „ლეიკერსმა“ „ტორონტოზე“ 27-ით მეტი ქულა დააგროვა. დონჩიჩი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩში მინიმუმ 45 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი, 5 ჩაჭრა და 5 ჩაგდებული სამქულიანი გაიფორმა. საინტერესოა, რომ ეს სტატისტიკა, ქულების გარეშეც ისტორიული იქნებოდა.

რაც შეეხებათ სხვა კალათბურთელებს, ოსტინ რივზმა 19 ქულა გააკეთა, კოლინ სექსტონმა — 14. „ტორონტოს“ მხრიდან 29 ქულით სკოტი ბარნსი გამოირჩა. არჯეი ბარეტმა 22 ქულა ჩააგდო.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 5 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მეოთხე პოზიციას იკავებს. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს გამართავს და იანის ანტეტოკუნმპოს „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რიდის შედეგიანი მატჩი - თანაგუნდელებში საუკეთესო იყო
    რიდის შედეგიანი მატჩი - თანაგუნდელებში საუკეთესო იყო