პაატა ღუდუშაური, თორნიკე ძებნიაური
Aa
Aa

ძებნიაურიდან ძებნიაურამდე - სურხონში მხოლოდ თორნიკეს გააქვს

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „სურხონი“ ცუდ გუნდად ნამდვილად არ ითვლება და არც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, თუმცა ბოლო პერიოდში ამ კლუბს კრიზისი დაეწყო და ზედიზედ სამი უგოლო ფრე ითამაშა, ტერმეზელთა უკანასკნელი გამარჯვება და ბოლო გოლი კი 20 სექტემბრით თარიღდებოდა, როდესაც საკუთარ სტადიონზე „კოკანდი“ მინიმალური სხვაობით თორნიკე ძებნიაურის ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

მას შემდეგ თორნიკე და მისი თანაგუნდელები გამარჯვებას ვინ ჩივის, ბურთის გატანას ვერაფრით ახერხებდნენ და ეს უსიამოვნო ტრადიცია ისევ და ისევ 26 წლის ქართველმა შემტევმა დაარღვია, რომელმაც „ნასაფისთან“ საშინაო მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში გახსნა და „სურხონის“ 419-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა, თუმცა მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და თამაში საბოლოოდ 1:1 დასრულდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო პაატა ღუდუშაური, რომელმაც „ნასაფის“ რიგებში სადებიუტო ბურთი წინა ტურში გაიტანა. პაატა ამჯერადაც ძალიან აქტიური გახლდათ და თავდაპირველად თავად შეეცადა გატანას, როდესაც წინ გამოსული მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, შემდეგ კი ჩვეული დრიბლინგებით რამდენჯერმე გაამწვავა ვითარება, თუმცა თანაგუნდელებმა მისი ჭკვიანური პასები გოლად ვერ აქციეს და ღუდუშაური 58-ე წუთზე შეცვალეს.

ცნობისათვის, უზბეკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 26 ტურის შემდეგ „ტერმეზი“ მეთორმეტე ადგილზეა, ხოლო „ნასაფი“ მეხუთე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება თორნიკე ძებნიაურს, მან მიმდინარე სუპერლიგაში მეოთხე ბურთი გაიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რობაქიძის მაგარი მატჩი - ქართველის ასისტების დუბლი
    რობაქიძის მაგარი მატჩი - ქართველის ასისტების დუბლი