ბეგლარიშვილს მხარი ვერ აუბეს - გოლი და ბრწყინვალე პასი ჩემპიონთან
Aa
Aa

ბეგლარიშვილს მხარი ვერ აუბეს - გოლი და ბრწყინვალე პასი ჩემპიონთან

36 წლის ზაქარია ბეგლარიშვილს რომ ასაკი საერთოდ არ ეტყობა და საკუთარი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მეისტრლიგის ბოლოსწინა ტურშიც დადასტურდა. მართალია „ნომე“ საკუთარ სტადიონზე ლიდერ და უკვე ჩემპიონ „ლევადიასთან“ 3:4 დამარცხდა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არავისთვის ყოფილა, მაგრამ ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ზაქარიას მიუძღვის და რომ არა მისი თანაგუნდელების ბავშვური შეცდომები, ვეტერანი ქართველი ნახევარმცველის ძალისხმევით მასპინძლები მრისხანე მეტოქეს თუ არა მოუგებდნენ, შესაძლოა ქულა მაინც აეღოთ.

მასპინძლებმა სწრაფი გოლი გაიტანეს, რაც მთლიანად ბეგლარიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ეფექტური ქუსლური პასით კევინ მატასი ისეთ პოზიციაზე დატოვა, რომ მას გატანის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. თუმცა, „ნომეს“ მცველების ბავშვური შეცდომების გამო „ლევადიამ“ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მოქმედ ჩემპიონს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია და მეტოქე კიდევ ორჯერ დაამწუხრა. მართალია, 78-ე წუთზე ზაქარიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკური დარტყმით სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და როგორც უკვე მოგახსენეთ, 3:4 დამარცხდნენ.

ცნობისათვის, 35 ტურში დაგროვებული 37 ქულით „ნომე იუნაიტედი“ ესტონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და გადათამაშების ზონას, ანუ მეცხრე პოზიციაზე მყოფ „კურესარეს“ მხოლოდ ქულით უსწრებს. 7 ნოემბერს, მეისტრლიგის ბოლო ტურში ზაქარია ბეგლარიშვილსა და მის თანაგუნდელებს ფინალის ტოლფასი მატჩი ელით, რადგან სტუმრად სწორედ „კურესარეს“ ხვდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ხარებაშვილის ასისტების დუბლი - ბაშაქშეჰირმა მარტივად მოიგო
    ხარებაშვილის ასისტების დუბლი - ბაშაქშეჰირმა მარტივად მოიგო