ზურიკოს მძიმე მარცხი და დაბალი შეფასება | სენტ-ეტიენი ლიდერობას ინარჩუნებს
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში გენგამმა შინ ლიდერი სენტ-ეტიენი 3:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილის გუნდი მეორედ დამარცხდა, 11 ტურის შემდეგ ლიდერობას ინარჩუნებს, 25 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან მონპელიეს 1 ქულით უსწრებს.
მთავარმა მწვრთნელმა იან კატრომ ზურიკო სასტარტოში ათამაშა, ქართველ ფეხბურთელს შეტევაში განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია, დაბალი შეფასება მიიღო (Sofascore-მა 6,5 დაუწერა), 64-ე წუთზე გააფრთხილეს, 68-ე წუთზე შეცვალეს.
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა (581 წუთი), 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 10-დან ოთხ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ხოლო სასტარტოში შეუცვლელად 8-დან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა. აღნიშნულ ათ შეხვედრაში ყვითელი ბარათი ორჯერ მიიღო.
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იან კათრომ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. „მწვანეების“ დამრიგებელმა ქართველი შემტევი შეაქო და მას ბრწყინვალე პიროვნება უწოდა, ფანტასტიკური მენტალიტეტით:
„სანაკრებო პაუზის შემდეგ ზურიკო ავად იყო, რაც, ალბათ, სათამაშო დროის დაკარგვად დაუჯდა. შემიძლია ბოლო შეხვედრაზე ვისაუბრო: მან დაცვაში ბრწყინვალე სამუშაო გასწია და მაღალი ინტენსივობით გამოირჩეოდა, რასაც ვაფასებ. როდესაც კონკრეტულ დონეს აღწევ, არის შანსი, სხვადასხვა ინსტრუქციასთან ადაპტირება გაგიჭირდეს. პოზიტიური შედეგისთვის საჭიროა, კარგ ადამიანთან იმუშაო და ზურიკო სწორედ ასეთია. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ბრწყინვალე პიროვნებაა, ფანტასტიკური მენტალიტეტით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი ხარისხის მქონე ფეხბურთელთან მუშაობის საშუალება მაქვს. იღბლიანები ვართ, რომ ჩვენს გუნდშია“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს