მამუკელაშვილის 4 ქულა - ლეიკერსი უორიორსთან დამარცხდა
წინა მატჩებთან შედარებით სანდრო მამუკელაშვილი ძველებურად შედეგიანი აღარ იყო, ხოლო „ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტთან“ სტუმრად 17-ქულიანი სხვაობით, 95:112 დამარცხდა. ლოს-ანჯელესის კლუბის ქართველმა ლეგიონერმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო, ჯამში პარკეტზე 20 წუთი გაატარა და შეხვედრა 4 ქულით, 7 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა. სანდრომ ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ორივე ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა, საჯარიმოდან კი ერთხელაც არ უსვრია. რაც შეეხება მოხსნებს, შვიდიდან ექვს შემთხვევაში დაცვაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
რაც შეეხება ამ თამაშის და მთლიანად NBA-ს გამორჩეულ ვარსკვლავებს, ფაქტია, რომ საბოლოო შედეგიდან გამომდინარე სტეფ კარიმ ლუკა დონჩიჩს დუელი მოუგო. „უორიორსის“ ლიდერმა 31 წუთში 31 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა - კარის ანგარიშზე 14-დან 8 ზუსტი სამქულიანი, 9-დან 3 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმოა. რაც შეეხება დონჩიჩს, 16-დან 6 სამქულიანი, 11-დან 6 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და თამაში 37 წუთში დაგროვებული 37 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი პასით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით დაასრულა.
ცნობისათვის, 4 მოგებითა და 2 წაგებით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, ხოლო „გოლდენ სტეიტის“ აქტივში 3 გამარჯვებასთან ერთად, 3 მარცხია და „უორიორსი“ მეათე პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები სანდროს ყოფილ კლუბთან „ტორონტოსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 2 ნოემბერს, დილის 06:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს