სალია პირველ გუნდში დაწინაურებას ცდილობს | Shields Gazette-ს სტატია ქართველზე
ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ში „ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდის ქართველმა ფორვარდმა ვახტანგ სალიამ „სანდერლენდს'' გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.
Shields Gazette: „ვახტანგ სალიამ ოცნება აისრულა – „გალოუეგეიტ ენდის“ (სენტ ჯეიმს პარკის“ ერთ-ერთი ტრიბუნის სახელი) წინ „ნიუკასლ იუნაიტედის“ მაისურით „სანდერლენდს“ გამარჯვების გოლი გაუტანა. ქართველი თავდამსხმელი პირველი გუნდის შემადგენლობაში დაწინაურებას ცდილობს. შეხვედრას 5 100 მაყურებელი დაესწრო, მათ შორის „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი მატიას იაისლე და სპორტული დირექტორი როს უილსონი''.
„როგორც კი აქ მოვედი, მითხრეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და ყველაზე დიდი მეტოქეობა „სანდერლენდთან“ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. ჩემი ოცნება იყო, მათთვის გოლი გამეტანა და ვფიქრობ, ეს ოცნება ავისრულე“, – განუცხადა სალიამ Shields Gazette-ს.
„ეს ემოციური მომენტი იყო. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ჩვენი სჯეროდა. ვფიქრობ, საუკეთესო გულშემატკივრები სწორედ ნიუკასლში არიან“.
საკუთარ გოლზე საუბრისას სალიამ დაამატა: „ბურთს კარში შესასვლელად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მეც ასე მომეჩვენა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ გოლი გავიდა. ჩვენ ვცდილობთ, ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი გავაკეთოთ და გავიმარჯვოთ, თუმცა ეს გოლი და ეს გამარჯვება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“.
„სანდერლენდის“ 21-წლამდე გუნდთან მატჩში სალია მინდორზე 51-ე წუთზე გამოვიდა, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა (0:1). „ნიუკასლმა“ წონასწორობა ორჯერ აღადგინა, 85-ე წუთზე სალიას ჯერი დადგა, რომელმაც მეტოქეს თავით გაუტანა - 3:2.
ვახტანგ სალიამ მიმდინარე სეზონში „ნიუკასლის“ 21-წლამდე გუნდში სხვადასხვა ტურნირზე ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელი პირველი გუნდის მატჩის განაცხადში ერთხელ მოხვდა – ჩემპიონატის მე-5 ტურში „ჰალ სიტისთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს