გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„ნამდვილი ეკალი ლეჩეს დაცვისთვის“ | იტალიური პრესა კვერნაძეს თამაშს გამოეხმაურა

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ლეჩე“ 5:1 გაანადგურა. ქართველი მარცხენა გარემარბი ბრწყინვალე იყო — ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, პენალტი მოიპოვა და Sofascore-მა მისი თამაში 9.4 ქულით შეაფასა. ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს გარდა, კვერნაძის შესანიშნავი გამოსვლა იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

Tuttofrosinone: „პენალტი მოიპოვა და თავისი სისწრაფის წყალობით, მეტოქე გუნდს პრობლემებს უქმნიდა. გოლს ოდნავ ჯიუტად ეძებდა, თუმცა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა“.

Tuttomercatoweb: „ნამდვილი ეკალი „ლეჩესთვის“ მარცხენა ფლანგზე. მას შეუძლია, სისწრაფის ხარჯზე შეტევები განავითაროს. ორი საგოლე გადაცემა მიითვალა“.

Oggi Sport Notizie: „გუნდს სისწრაფესა და არაპროგნოზირებადობას სძენს. ცდილობს, მეტოქე გუნდის მცველების მიერ დატოვებული სივრცეები აითვისოს“.

Fantacalcio: „გიორგი კვერნაძემ საოცარი გამოსვლა აჩვენა. ქართველი გარემარბი მეტოქე გუნდის მცველებს პრობლემებს უქმნიდა, შეტევებში „ფროზინონესთვის“ უპირატესობა მოჰქონდა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა“.

Eurosport: „ამ სეზონში უკეთესი თამაშებიც ჰქონია. არ ვამბობთ, რომ პასიური იყო, პირიქით — ის ხშირად გახლდათ „ფროზინონეს“ შეტევების ეპიცენტრში, უბრალოდ სხვა შემთხვევებში მეტი ცივსისხლიანობა გამოუჩენია. შეეძლო გოლი გაეტანა, თუმცა ვლადიმირო ფალკონემ აჯობა. კვერნაძემ რეაბილიტაცია მოახდინა და პენალტი მოიპოვა, რომლის შემდეგაც ანგარიში 2:0 გახდა. ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთადერთი, რაც აკლდა, გოლი იყო“.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძის „ფროზინონე“ 17 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილს იკავებს. გიორგის იტალიის ჩემპიონატში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას პირველ ნოემბერს, „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო