ბათუმის და კსუ-ს ევროპული მარცხები - ოჩხიკიძის და ტურძილაძის კარგი მატჩები
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის წარმომადგენლებმა დღეს ევროპულ საკლუბო ტურნირებზე იასპარეზეს და სამწუხაროდ, როგორც „ბათუმი 2010“-ისთვის, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდისთვის დღევანდელი შეხვედრები წარუმატებლად დასრულდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა ფიბას ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე „თბილისი არენას“ დარბაზში კოსოვოს „ტრეპცას“ უმასპინძლეს და 21-ქულიანი სხვაობით, 70:91 დამარცხდნენ, ხოლო „კავკასიელებმა“ რუსთავის სპორტის სასახლეში ლიეტუვის „იონავასთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენით, 67:80 წააგეს.
ისევე როგორც წინა ტურებში, ბათუმელთა რიგებში ამჯერადაც გამორჩეული იყო გიორგი ოჩხიკიძე - საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 32 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ რვიდან სამი სამქულიანი და ცხრიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო, სამივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია. რაც შეეხება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს, ბექა წივწივაძის შეგირდებიდან გამორჩეული ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი გიორგი ტურძილაძე გახლდათ, რომლის ანგარიშზეც ორმაგი დუბლია. გიორგიმ 28 წუთში აქტივში 14 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიჭერა. ტურძილაძემ 16-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ცამეტიდან შვიდი მოხსნა თავდასხმაში შეასრულა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათის, ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მომდევნო შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი 18 ნოემბერს, სტუმრად ავსტრიის „კაფენბერგთან“ გამართავს, ხოლო „ბათუმი 2010“-ის მეტოქე 11 ნოემბერს, გერმანიის „ტრირი“ იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს