მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში | 17 ქულა პორტლენდის წინააღმდეგ
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ NBA-ის ახალ რეგულარულ სეზონში პირველად დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა და საშინაო არენაზე გამართული მატჩი 129:136 დათმო.
„მამუს“ „ლეიკერსის“ მაისურით საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა და 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 3 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. პირველი ტაიმის ბოლოს, „მამუმ“ სირენასთან ერთად სამქულიანი ჩააგდო, რომელიც სოციალურ ქსელებში NBA-ის ოფიციალურმა გვერდმაც გააზიარა.
SANDRO MAMUKELASHVILI AT THE BUZZER ???? #NBAPhilippines #NBAHighlights #NBAonCignal #NBAonCignalPlay https://t.co/XwgzjqYxA5
— NBA Philippines (@NBA_Philippines) October 28, 2026
„ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 41 ქულა ლუკა დონჩიჩმა დააგროვა — სლოვენიელს 9 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნაც ჰქონდა. ოსტინ რივზმა 26 ქულა ჩააგდო, უოკერ კესლერმა — 13. „პორტლენდის“ მხრიდან 23-23 ქულით ჯა მორანტი და დენი ავდია გამოირჩნენ. ჯრუ ჰოლიდეიმ 22 ქულა დააგროვა, დემიენ ლილარდმა კი — 21.
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ სამი მოგება და ერთი წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მეექვსე პოზიციას იკავებს. მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს კლიპერსია“, რომელსაც 29 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, სანდრომ რეგულარულ სეზონში 10-ქულიანი ნიშნული პირველად გადალახა. აქამდე მას 5, 7 და 9 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს