დონჩიჩის 52-ქულიანი შოუ იუტასთან | სანდრომ 21 წუთი ითამაშა და 9 ქულა ჩააგდო
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ დამარცხების შემდეგ „ლეიკერსი“ „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და სოლტ ლეიკ სიტიში გამართულ მატჩში 132:123 იმარჯვა.
„ლეიკერსმა“ პირველი მეოთხედი 29:47 წააგო, თუმცა თამაშში მალევე დაბრუნდა და შესვენებაზე უკვე სამქულიანი უპირატესობა ჰქონდა — 74:71. საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე „ლეიკერსი“ 113:116-ს აგებდა, რის შემდეგაც ლუკა დონჩიჩმა და ოსტინ რივზმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს და თავიანთ გუნდს გამარჯვება მოუტანეს.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 20 წუთი და 57 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება იყო. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, რასაც 6-დან 4 ზუსტი საჯარიმო სროლა დაუმატა.
„ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო სწორედ დონჩიჩი იყო. სლოვენიელმა კალათბურთელმა მატჩი 52 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემით, 8 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. ლუკამ მინიმუმ 50 ქულა კარიერაში მეათე შეხვედრაში დააგროვა და „ლეიკერსის“ ისტორიაში მესამე კალათბურთელია, რომელმაც მატჩში სულ მცირე 50 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის გარდა, ლოს ანჯელესური გუნდის მაისურით ეს ელჯინ ბეილორსა და ჯერი უესტს გაუკეთებიათ.
დონჩიჩმა „ლეიკერსის“ რეკორდიც დაამყარა: ის პირველი კალათბურთელია, რომელმაც ერთ თამაშში მინიმუმ 50 ქულა, 10 ასისტი, 5 მოხსნა და 5 ჩაგდებული სამქულიანი გაიფორმა. რაც შეეხება რივზს, მის ანგარიშზე 29 ქულაა.
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 3-დან 3 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ლიდერებს შორისაა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს გამართავს და საშინაო არენაზე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს