დავით ქევხიშვილი, გურამ მოდებაძე
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი, ახალი პროექტები და გამოწვევები - სიახლეები ქართულ ძიუდოში

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი დააანონსა. ძირითადი აქცენტი ორ ახალ მიზნობრივ პროექტზე, მთავარი მწვრთნელის პოსტზე გურამ მოდებაძის დანიშვნასა და მწვრთნელებთან თანამშრომლობის განახლებულ სისტემაზე გაკეთდა.  

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ორი ჯგუფი იარსებებს, რომლებიც მიზანმიმართულად მოემზადებიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის. პირველი ჯგუფი, პირობითად „გამოწვევა 2029“, მოზრდილებზე იქნება გათვლილი და მიზნად საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას ისახავს.

„მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძელ გუნდს გაცილებით მეტი სპორტსმენის გამოყვანის უფლება მიეცა. შესაბამისად, ჩვენ ამისთვის დღეიდანვე უნდა დავიწყოთ მზადება, რომ ღირსეულად შევხვდეთ ამ გამოწვევას“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.

მეორე მიმართულება კი „პროექტი 2032“ იქნება, სადაც ახალგაზრდები და ჭაბუკები მოიყრიან თავს. მათი მიზანი ჯანსაღი კონკურენციის შექმნა და საჭიროების შემთხვევაში ოლიმპიური ნაკრების დანაკლისის შევსება იქნება.

„რა თქმა უნდა, მომავალი თაობა რომ არ დარჩეს უყურადღებოდ, იქნება „გამოწვევა 2032“-ს, სადაც უფრო ახალგაზრდები და ჭაბუკები მოიყრიან თავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ველოდებით 2032-მდე და მანამდე დაგეგმილ ტურნირებზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას. იქ არსებული მუშაობა და ძალისხმევის ჩადება, დარწმუნებული ვარ, იმ შედეგს გამოიღებს, რომ ეს ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჯანსაღ, ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ და თამამად შეგვეძლება იმ დანაკლისების შევსება, როდესაც ვერ შევძლებთ ხოლმე ოლიმპიური ნაკრებიდან სპორტსმენების ამა თუ იმ მნიშვნელოვან შეჯიბრზე გამოყვანას“, - ამბობს ქევხიშვილი.

სიახლეა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზეც, რომელსაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში გურამ მოდებაძე დაიკავებს. ქევხიშვილმა მის დამსახურებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის ყველა წარმატებული სპორტსმენი მოდებაძის პირადი მოსწავლეა.

ამასთან, ნაკრებში ინერგება კონტრაქტების ახალი სისტემაც. მთავარ მწვრთნელთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომელსაც კიდევ ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა ექნება. 4 წლის გასვლის შემდეგ კი მის პოზიციას სხვა სპეციალისტი დაიკავებს.

„გურამის შესახებ, ფაქტიურად, თავისი გაკეთებული საქმეები საუბრობს. ის აქამდეც მთელი გულით, სულით და თავისი მთელი შემართებით იყო ჩართული მოსამზადებელი პერიოდების განმავლობაში. შეიძლება დავაგვიანეთ კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაუძღვება ამ ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობას“.

„რაც შეეხება კონტრაქტის ახალ სისტემას, პრაქტიკამ აჩვენა ასეთი ზღვარის დაწესების აუცილებლობა, რათა ერთმა ადამიანმა აღნიშნული პოსტი მაქსიმუმ 4 წლით დაიკავოს. ორი წლის თავზე გაწეული საქმიანობა შეფასდება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, ხოლო ოთხწლიანი ციკლის დასრულების შემდეგ, ყოფილი მწვრთნელები სპეციალურ ბორდში გადაინაცვლებენ, სადაც საკუთარი გამოცდილებით მომავალ მთავარ მწვრთნელებს დაეხმარებიან“, - განმარტა დავით ქევხიშვილმა.

ასევე, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ეხება. დადგენილი ვადებით, ახალი პრეზიდენტი 2028 წელს უნდა აერჩიათ, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა 2029 წელს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ფედერაციის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნები ორი წლით ადრე ჩაატარონ, რათა მსოფლიო პირველობის საორგანიზაციო საკითხებთან მიმართებით, ხელისშემშლელი ფაქტორები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ფედერაციის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატების განაცხადების მიღება პირველ ნოემბრამდე მოხდება, არჩევნები კი მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს საუკეთესო ჩხუბია, რაც კი ოდესმე მინახავს“ - ისლამის მწვრთნელი თოფურია-გეიჯიზე
    „ეს საუკეთესო ჩხუბია, რაც კი ოდესმე მინახავს“ - ისლამის მწვრთნელი თოფურია-გეიჯიზე