„ბექაური ორ-სამ თვეში დაბრუნდება“ - ინტერვიუ გურამ მოდებაძესთან
ქართულ ძიუდოში უამრავი საინტერესო სიახლეა, რომლის შესახებაც ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დეტალურად დაიწერა. ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში განხორციელდება მთელი რიგი სტრუქტურული და სისტემური რეფორმები. ამავე რეფორმების ფარგლებში, ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე საქმიანობას გააგრძელებს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, რაც მათ შორის მოიცავს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობის ფუნქციას.
ასევე სანაკრებო დონეზე მოხდება ოლიმპიური ნაკრების მომზადების მაქსიმალურად ინდივიდუალური გეგმის შემუშავება/განხორციელება, რასაც შეავსებს ორი ახალი პროგრამა: ,,პროექტი 2029” (საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) და “გამოწვევა 2032”, რომელიც დაკომპლექტდება დღეს მოქმედი ახალგაზრდა პერსპექტიული ძიუდოისტებით. რაც შეეხება საერთო სანაკრებო ხელმძღვანელობას, მას შემდომი ორი წლის განმავლობაში გაუძღვება გურამ მოდებაძე, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ კომენტარში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
გურამ მოდებაძე
სიახლეები იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ გვაქვს რაღაც გაწერილი გეგმები, უბრალოდ, ახლა ყველაფერი განხილვის პროცესშია და ჯერჯერობით არ არის აუცილებელი ამაზე დეტალურად საუბარი. გარკვეული პროექტები იგეგმება და ამ ყველაფერს ინდივიდუალურად მივუდგებით, რის ფონზეც მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ანუ ლოს-ანჯელესის ოლიმპიადამდე სპეციალურად შემუშავებული გეგმით მივალთ.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, უახლოეს პერიოდში გვაქვს ევროპის გუნდური ჩემპიონატი, შემდეგ გრანდ სლემი და ამით დაიხურება 2026 წელი, რის შემდეგაც ახალი წლიდან ახალი შემართებით მუშაობას დავიწყებთ. კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე დაახლოებით იგივე შემადგენლობით იქნება საქართველოს ნაკრები, როგორითაც მსოფლიოს პირველობაზე წარსდგა. დაგვემატება გურამ თუშიშვილი და ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო ლაშა ბექაური გადის ინტენსიურ მკურნალობას და მას ექიმების პროგნოზით, ბოლომდე განკურნებისთის 2-3 თვე კიდევ დასჭირდება.
ცნობისათვის, ძალიან დიდი ალბათობით, უახლოს მომავალში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები სპეციალურ პრესკონფერენციას ჩაატარებენ, სადაც განხორციელებული ცვლილებების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს