ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა 36 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. მართალია უკანასკნელი წლების განმავლობაში გორელი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენს ქვეყანაში არსებული უდიდესი კონკურენციიდან გამომდინარე, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით ასპარეზობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის დღემდე ქართველი გულშემატკივრების უდიდესი სიყვარულით სარგებლობს. აქტიური სპორტიდან წასვლის თაობაზე ვრცელი განცხადება ტატალაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ნუგზარ ტატალაშვილი
ძიუდო ჩემთვის მხოლოდ სპორტი არასდროს ყოფილა. ეს იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი ოცნება, ჩემი ბრძოლა და ჩემი გზა. ამ გზაზე ბევრი სირთულე გამოვიარე, ბევრი ტკივილი, იმედგაცრუება და დაუვიწყარი გამარჯვება ვიზეიმე. იყო დღეები, როდესაც ყველაფრის დათმობა მინდოდა, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი ძალას, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და გამეგრძელებინა ბრძოლა. ამ წლებმა მასწავლა, რას ნიშნავს შრომა, მოთმინება, დისციპლინა და არასდროს დანებება. ძიუდომ ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ, და მომცა გამოცდილება, რომელსაც მთელი ცხოვრება თან წავიღებ.
დღეს დგება მომენტი, როდესაც ჩემს სპორტულ კარიერას ვასრულებ. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, რადგან ძიუდო ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია და ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში.
ორი ქვეყანა, ერთი გზა და უამრავი დაუვიწყარი მოგონება. მადლობა საქართველოს, და მადლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ორივე ქვეყნის მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემა და მადლიერება მექნება.
პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა, მხარს მიჭერდა და ჩემი სჯეროდა. მადლობა ყველა იმ მსხვერპლისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში მაძლიერებდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო Naser Altamimi ის რომ არა, ალბათ, ჩემს სპორტულ კარიერას წლების წინ დავასრულებდი. მადლობა, რომ ჩემი გჯეროდა. ასევე, მადლობა Scvortov Victor გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის და ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იყო, ვინც ჩემი წარმატება გაიზიარა, რთულ მომენტებში მხარი დამიჭირა და ჩემი სჯეროდა. უდიდესი მადლობა მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი კარიერის ნაწილი იყო. ძიუდო, მადლობა ყველაფრისთვის
 
ცნობისათვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაბარგებამდე, ნუგზარ ტატალაშვილმა საქართველოს სახელით 2015 წლის ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2013 და 2016 წლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს