ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ალექსი დავითაშვილი
Aa
Aa

„ბექაურს ვინც აკრიტიკებთ, თქვენ რა შეგიქმნიათ?“ - ინტერვიუ ალექსი დავითაშვილთან

ვინც ქართულ ძიუდოსა და ქართველი ძიუდოისტების გამოსვლას თვალყურს ადევნებს, მისთვის ალექსი დავითაშვილი უცხო პიროვნება ნამდვილად ვერ იქნება. სპორტის ამ სახეობაში ღვაწლმოსილი ადამიანი ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას კომენტარს მუდამ დიდი ემოციებითა და საინტერესო ანალიზის ფონზე უკეთებს, რის გამოც მისი მოსმენა ერთი სიამოვნებაა. კარიერის დასრულების შემდეგაც, დავითაშვილი საყვარელ საქმეს არ ივიწყებს, სულ ცოტა ხნის წინ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მეათედ მოიგო და ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსმა ახლახანს დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრების ასპარეზობა როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესოდ შეაფასა.

ალექსი დავითაშვილი

გიორგი სარდალაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა, არაჩვეულებრივად იყო მომზადებული და შეეძლო ჩემპიონიც გამხდარიყო, მაგრამ არც ბრინჯაოს მედალია ურიგო შედეგი. შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ მისთვის 66-ში ასვლის დრო მოვიდა, თუმცა ძიუდო ისეთი სპორტია, უცებ წონა შეიცვალო და მაშინვე შედეგი დადო, ძალიან ძნელია, რის გამოც გიორგის მოცდას ვურჩევდი და თუ მაინცდამაინც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, უპრიანი იქნება, თუ ამას ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გააკეთებს.

ვაჟა მარგველაშვილი იცით როგორი სპორტსმენია? შეიძლება ადგეს და თქვას, დღეს მოვიგებო და მოიგოს. ძალიან მინდოდა, რომ ბაქოში მედალი აეღო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდა. არ ვიცი, წონას ბევრს იკლებს თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, მისი ბოლოდროინდელი წარუმატებლობები სწორედ წონის კლების პროცესით უნდა იყოს განპირობებული.

ლაშა შავდათუაშვილი უზომოდ შრომისმოყვარე და დისციპლინირებული სპორტსმენია, რომელზეც აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან მას სოლიდური შედეგის დადება ნებისმიერ დროს შეუძლია. მე რომ მკითხოთ, არც ბაქოში ჰქონდა პირველი ბრძოლა წასაგები, მაგრამ ეს ძიუდოა, სადაც წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. აგერ, აზერბაიჯანელების ცხელ-ცხელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ჰეიდაროვი საკუთარი პუბლიკის წინაშე ნაადრევად გამოეთიშა ტურნირს. 

კაცი რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ექვსჯერ გავა და ოთხჯერ მოიგებს, საუბარი ზედმეტია. ტატო გრიგალაშვილი ძალიან მაგარი, ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური სპორტსმენია. თუ ისეთივე ფორმაში იქნება, როგორც ახლა იყო, ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გახდება, რასაც ნამდვილად იმსახურებს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში განცდილი წარუმატებლობის გამო ძალიან ცუდად გავხდი. ლუკას დიდი იმედი მქონდა და ახლაც მჯერა, პირველი შეხვედრა რომ მოეგო, ფინალამდე მივიდოდა. უბრალოდ გდება საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე გაუშვა და მდგომარეობის შეცვლა ვეღარ მოესწრო. ძიუდო სწორედ ამიტომ არის ყველაზე საშიში სპორტის სახეობა - შეიძლება მთელი წელი ტურნირისთვის თავდაუზოგავად ემზადებოდე და წამებში იპონზე დაეცე, რისი გამოსწორების შანსიც აღარ მოგეცემა. უდიდესი იმედი მქონდა ლაშა ბექაურის, რომელმაც სანშირო მურაოსთან წააგო. აქაც იღბალთან გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მურაოს რომ ვაზარი აეღო, ლაშა შეხვედრას სათავისოდ აუცილებლად შემოატრიალებდა.

იმ ადამიანებს მინდა მივმართო, რომლებიც ლაშა ბექაურს და სხვა სპორტსმენებს აკრიტიკებენ. ლაშა 24 წლის ასაკში უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო და თქვენ რა შეგიქმნიათ მისი ფასი? მსგავსი სისულელეების ლაპარაკს, ჯობს თავი დახაროთ და ასეთი პიროვნებების შრომა დააფასოთ. ადამიანმა სამშობლოსთვის თავი გაწირა და ორი ბრძოლა პრაქტიკულად ცალი ფეხით ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, ინდივიდუალური შეჯიბრების დროს რომ მიეღო დაზიანება, ბექაური ტატამიზე არ გავიდოდა. გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობდა, სამშობლო და ნაკრები არ დააღალატა და სწორედ ამიტომ განაგრძო ბრძოლა. ის მართლაც მეომარი და 301-ე არაგველია.

ილია სულამანიძეზე რისი თქმა შემიძლია? ილიას ყველა უყვარს და ასევე ყველას უყვარს ილია. იმდენად კარგად იყო მომზადებული, დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემპიონი გახდებოდა. რწმენა გამიმყარდა მისი გამოსვლის წინა დღეს, ვნახე ილია და მისი განწყობა მომეწონა. 

ცნობისათვის, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოს გმირი კიდევ ერთხელ გახდა“ | IJF ბექაურის თავგანწირვას გამოეხმაურა
    „საქართველოს გმირი კიდევ ერთხელ გახდა“ | IJF ბექაურის თავგანწირვას გამოეხმაურა