შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემისთვის - ერთ წონაში წარმომადგენლის გარეშე
5-6 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა და 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირადაც ითვლება. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 10-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა და უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში ჩვენს გუნდს სამი ლიდერი არ ეყოლება. ლაშა ბექაური რომ ტრავმის გამო არ იასპარეზებდა, თავიდანვე ვიცოდით, ილია სულამანიძე (100 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) კი, როგორც ჩანს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით დაისვენებენ.
სულამანიძის წონაში საქართველოს წარმომადგენელი საერთოდ არ ეყოლება და ამის ხარჯზე სხვა წონებია გაორებული. მივყვეთ თანმიმდევრობით და გეტყვით, რომ 60 კილოგრამში გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებს. 73-ში ლაშა შავდათუაშვილისა და თენგო ზირაქაშვილის სახით ორი წარმომადგენელი გვეყოლება, ისევე როგორც 81-ში, სადაც საქართველოს სახელით ტატამიზე დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი გავლენ. ორ-ორი ძიუდოისტით ჩვენი ქვეყანა 90 (ლუკა ჯავახიშვილი, ლუკა მაისურაძე) და +100 კილოგრამშიც (ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი) იქნება წარმოდგენილი, ხოლო 66-ში თორნიკე გიგაური იასპარეზებს.
ცნობისათვის, ტოკიოს გრანდ სლემის შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ილია სულამანიძე (100 კგ) გახდა, ხოლო საპრიზო მესამედ ადგილი გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) დაიკავეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს