ორი ბრინჯაო პირველ დღეს - ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატებული სტარტი
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ძიუდოისტთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა შედეგიანად დაიწყო.
ვაჟებში, ტურნირის პირველ დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშა და ქართველმა ძიუდოისტებმა ორივე წონაში შეძლეს მედლის აღება.
-60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ლუკა ომანაძემ მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ეგვიპტელი იასინ საბრაჰი იპონით დაამარცხა.
ფინალამდე ომანაძემ ინდოელ ჯუდოკას მოუგო, 1/8 ფინალში აზერბაიჯანელ აიხან მირზაზადას სძლია, მეოთხედფინალში კი ტაჯიკ ლოიქ კუდბუდინოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ვინისიუს ოლივეირას დამარცხებით ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიიღო.
მეორე მედალი საქართველოს ნაკრებმა -66 კგ. წონით კატეგორიაში აიღო, თუმცა, ამ შემთხვევაში, ფინალურ ბლოკში უკვე გარანტირებული მედალი გვქონდა, რადგან ერთმანეთს თორნიკე გიგაური და საბა საბაშვილი შეხვდნენ. ქართული დაპირისპირება კი თორნიკე გიგაურის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც საბაშვილი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.
თორნიკე გიგაურმა პირველ წრეში მექსიკელ ძიუდოისტთან გაიმარჯვა, 1/8 ფინალში ეგვიპტელ მოსტაფა ჰამადას მოუგო, მეოთხედინალი კი აზერბაიჯანელ მაჰამად მუსაიევთან დათმო და რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მიიღო, სადაც ტაიჯიკი იოსინ ბობოკალონოვი დაამარცხა.
საბა საბაშვილმა კი ასპარეზობა იაპონელი შუნტარო ფუკუჩის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ ეტაპზე ყირგიზ ადის ოროზმამატოვს მოუგო, 1/4 ფინალში რუსი ისლამ სულტიგოვი დაამარცხა და სამწუხაროდ, ნახევარფინალში ისრაელელ ტომ სიმხაევთან დამატებით დროში, იუკოთი დამარცხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს