ბარსელონა, პსჟ, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე მწვრთნელობას ნანობდა - რა მოხდა ბარსელონა B-ში?

პარი სენ-ჟერმენის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე ისაუბრა და აღიარა, რა შეცდომები დაუშვა „ბარსელონა B“-ში მუშაობისას. ეს პერიოდი მისთვის იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ახალ პროფესიაზე უარის თქმაც კი განიხილა.

ენრიკემ ამის შესახებ დოკუმენტურ ფილმში „Tocats per Lucho“ („ლუჩოს შეხებით“) ისაუბრა, რომელიც ტელეკომპანია „Betevé“-მ გადაიღო. ფილმი 2008-2011 წლებში მის მიერ გაწვრთნილ „ბარსელონა B“-ს გამორჩეულ თაობას ეძღვნება.

მოულოდნელი დასაწყისი — ლუის ენრიკე მწვრთნელობაზე უარის თქმას განიხილავდა!

როგორც „Marca“ წერს, დოკუმენტურ ფილმში ლუის ენრიკემ აღიარა, რომ მწვრთნელობა არასდროს ყოფილა მისი მიზანი და ფეხბურთელობის დროსაც კი არ უფიქრია, კარიერის დასრულების შემდეგ ამ პროფესიას თუ აირჩევდა.

„მწვრთნელობაზე არასდროს მიფიქრია, მაშინაც კი, როცა ფეხბურთელი ვიყავი. თანაგუნდელებთან საუბრისას ვამბობდით: კარგი, სამწვრთნელო კურსები გავიაროთ, მაგრამ მწვრთნელობა ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა“,

— გაიხსენა ესპანელმა სპეციალისტმა.

მიუხედავად ამისა, 2008 წელს ენრიკე „ბარსელონა B“-ს ჩაუდგა სათავეში. მან პეპ გუარდიოლა შეცვალა, რომელიც პირველ გუნდში დაწინაურდა. თუმცა, მუშაობის პირველი დღეები მოსალოდნელზე გაცილებით რთული აღმოჩნდა.

„დიდი ენთუზიაზმით მოდიხარ, თუმცა ამავდროულად ბევრი რამ არ იცი. წინასასეზონო მომზადების დროს კინაღამ ყველაფრისთვის თავის დანებება გადავწყვიტე. შეჯიბრება მიყვარს, მაგრამ აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, სადაც არაფერი ვიცოდი და ყველაფრის მართვა მიწევდა.

მახსოვს ერთი ღამე, როცა გამეღვიძა და ყველაფრის მიტოვებაზე დავფიქრდი, თუმცა დილის რვა საათზე აზრი შევიცვალე და საკუთარ თავს ვუთხარი: გავაგრძელებ, აქედან არ წავალ“,

— აღნიშნა ენრიკემ.

აღიარება პირველ წლებში დაშვებულ შეცდომებზე

ენრიკე გულწრფელად საუბრობს იმ შეცდომებზეც, რომლებიც მწვრთნელობის საწყის ეტაპზე დაუშვა. გამოცდილების ნაკლებობის გამო, ვარჯიშებზე ფიზიკურ დატვირთვას ზოგჯერ ზედმეტად ზრდიდა.

პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელმა პირდაპირ განაცხადა:

„ბევრი სისულელე გავაკეთე. ფეხბურთელები სირბილით კინაღამ დავხოცე“.

ენრიკე ცდილობდა, გამოეყენებინა იმ მწვრთნელების გამოცდილება, რომელთა ხელმძღვანელობითაც თავად თამაშობდა. მათ შორის განსაკუთრებით გამოყო ნიდერლანდელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი, რომელმაც მის სამწვრთნელო ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინა.

„იმ მწვრთნელებისგან საუკეთესო თვისებები გადმოვიღე, რომლებთანაც მიმუშავია. ყველაზე მეტი ლუი ვან გაალისგან ვისწავლე, რადგან ის ჩემთვის ერთგვარი ორიენტირი იყო. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს ფეხბურთელები ამდენი სირბილის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში იქნებიან. რადგან არაფერი ვიცი, სირბილით დავაწყებინებ-მეთქი“, — იხსენებს ენრიკე.

სარეზერვო გუნდში გატარებულ სამ სეზონს რომ იხსენებს, პირველ მათგანს გამოსაცდელ პერიოდად მიიჩნევს. მეორე და მესამე სეზონებში კი გუნდის თამაში აშკარად გაუმჯობესდა.

„პირველი სეზონი ერთგვარი საცდელი პერიოდი იყო, თუმცა პრეტენზია არ მაქვს. ზოგჯერ საქმე უკეთ გამოგდის, ზოგჯერ — უარესად“.

მან ასევე აღნიშნა:

„განსაკუთრებით მეორე და მესამე სეზონებში „ბარსელონა B“ შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა“.

გამორჩეული თაობა, რომელმაც „ბარსელონა B“ კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია

ლუის ენრიკე „ბარსელონა B“-ში 2008 წელს მივიდა და ახალგაზრდა ტალანტებისგან შემდგარი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელმაც შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.

პირველ სეზონში გუნდმა ესპანეთის მესამე დივიზიონის, სეგუნდა დივიზიონ B-ს, მესამე ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. მეორე სეზონში კი, როდესაც გუნდს უკვე „ბარსელონა ატლეტიკი“ ეწოდებოდა, ესპანეთის მეორე დივიზიონში დაწინაურდა. ამით სარეზერვო გუნდმა პროფესიულ ფეხბურთში 11-წლიანი პაუზა დაასრულა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში მათ „სანტ ანდრეუ“ დაამარცხეს.

ენრიკემ გუნდში მუშაობა ბოლო სეზონში მესამე ადგილითა და 71 ქულით დაასრულა. ეს შედეგი სარეზერვო გუნდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლის გამეორება იყო.

იმ შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ მოთამაშედ იქცა. მათ შორის იყვნენ ტიაგო ალკანტარა, სერხი რობერტო, მარკ ბარტრა, მარტინ მონტოია, ნოლიტო, ანდრეუ ფონტასი, ორიოლ რომეუ და ჯონათან სორიანო, რომელმაც სეზონი გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა — მის ანგარიშზე 32 გოლი იყო.

დოკუმენტურ ფილმში ფეხბურთელები ენრიკეს მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებულ სახალისო ისტორიებსაც იხსენებენ. ნოლიტოს თქმით, მწვრთნელმა უთხრა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა თუ სურდა, წონაში უნდა დაეკლო. ფონტასმა კი წინასასეზონო მომზადების დროს ფიზიკური ვარჯიშების განსაკუთრებულ ინტენსივობაზე ისაუბრა.

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა — „ნასტიკმა“ ლუის ენრიკეს უფასოდ აყვანაზე უარი თქვა!

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ლუის ენრიკე სამწვრთნელო კარიერის დაწყებას ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, ტარაგონის „ნასტიკში“, აპირებდა — „ბარსელონა B“-ში დანიშვნამდე ორი წლით ადრე.

2006 წლის ნოემბერში ის გუნდის მწვრთნელის პოსტზე განიხილებოდა მას შემდეგ, რაც „ნასტიკმა“ ლუის სეზარ სამპედრო გაათავისუფლა. სწორედ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიპოვა გუნდმა უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება.

ენრიკეს ფეხბურთელის კარიერა 2004 წელს ჰქონდა დასრულებული და სამწვრთნელო ლიცენზიაც აღებული იყო. მაშინ 36 წლის სპეციალისტმა კლუბს შესთავაზა, ხელფასის გარეშე ემუშავა. სანაცვლოდ კი მოითხოვა კონტრაქტში ჩაეწერათ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სეზონის დასრულებამდე გათავისუფლების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებდა.

ენრიკეს ყოფილმა თანაგუნდელმა „ბარსელონაში“, აბელარდომ, ეს ამბავი გადაცემა „Radioestadio Noche“-ში სტუმრობისას დაადასტურა:

„მართალია, ლუის ენრიკემ საკუთარი კანდიდატურა „ნასტიკს“ შესთავაზა“.

თუმცა კლუბმა მის დანიშვნაზე უარი თქვა და პაკო ფლორესი აირჩია. „ნასტიკმა“ სეზონი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე დაასრულა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

ორი წლის შემდეგ ენრიკე „ბარსელონა B“-ს მწვრთნელი გახდა. გუარდიოლა სარეზერვო გუნდს 2007 წელს ხელმძღვანელობდა, 2008 წელს კი პირველ გუნდში დაწინაურდა.

მას შემდეგ ორივე სპეციალისტი სამწვრთნელო სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მათ „ბარსელონასთან“ ერთად ისტორიულ წარმატებებს მიაღწიეს, ლუის ენრიკემ კი მოგვიანებით პარი სენ-ჟერმენშიც არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კროოსის მკაცრი შეფასება: “ბარსელონას დაცვა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი არ არის“
    კროოსის მკაცრი შეფასება: “ბარსელონას დაცვა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი არ არის“