„ილიას აბუ-დაბიში ჩამოსვლა სურდა“ - მერაბმა თოფურიას მხარდაჭერაზე ისაუბრა
ცნობილ ჟურნალისტ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„როცა პატიმრობაში ვიყავი, ილია ჩემს ოჯახს დაუკავშირდა და აბუ-დაბიში ჩამოფრენას ცდილობდა. როცა გავთავისუფლდი, დამირეკა და ვისაუბრეთ. ილია ძალიან კარგი ბიჭია, ჩემი მეგობარია და ყოველთვის ჩემ გვერდითაა“.
გარდა ამისა, მერაბმა ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ სჭირდება RAF-ს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად ხდება მსგავსი ინციდენტები ამ საჭიდაო ორგანიზაციის ღონისძიებებზე.
„მართალი გითხრათ, RAF-ზე უსაფრთხობაზე პასუხისმგებელი იყო იგივე კომპანია, რომელიც UFC-ის ღონისძიებებზე მუშაობს. ახლაც აბუ-დაბიში იგივე დაცვა მუშაობდა. ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ასეთი ინციდენტები ყოველთვის შეიძლება მოხდეს.
RAF-ში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არანაირი სტრესი არაა, ჩადიხარ, ხელს აწერ პოსტერებს, ატარებ პრესკონფერენციას, აბარებ წონას და ჭიდაობ. არანაირი ტრავმები - ვისურვებდი, რომ უფრო მეტი საჭიდაო ორგანიზაცია შეიქმნას, იმიტომ რომ ბევრი კარგი მებრძოლი იმსახურებს იმ აღიარებას, რომელიც ჩვენ, MMA-ის მებრძოლებს გვაქვს“.
რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი და მათი თანაგუნდელები აბუ-დაბიში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაღესტნელი მებრძოლები დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ისინი დეპორტაციას დაექვემდებარებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს