ლეიკერსის ზედიზედ მერვე მოგება | მამუკელაშვილმა ფინიქსთან 4 ქულა ჩააგდო
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო. „მილუოკი ბაქსის“ შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდი არიზონაში ჩავიდა, სადაც „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და 131:123 გაიმარჯვა.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21 წუთი და 10 წამი გაატარა. სანდრომ 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. „მამუმ“ 8-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო — 4-დან ყველა სამქულიანი გააფუჭა და 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა. მის პასივში 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ჯარიმა იყო.
„ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ. სლოვენიელმა კალათბურთელმა მატჩი 43 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 3 მოხსნით დაასრულა. საწყის 12 შეხვედრაში („დეტროიტთან“ და „კლიპერსთან“ ტრავმის გამო ვერ ითამაშა) ლუკას 468 ქულა აქვს ჩაგდებული, რაც უილტ ჩემბერლენის შემდეგ საუკეთესო შედეგია. დონჩიჩის გარდა, 22 ქულით ქუენთინ გრაიმსი გამოირჩა, ხოლო უოკერ კესლერს ორმაგი დუბლი ჰქონდა — 14 ქულა, 12 მოხსნა.
მამუკელაშვილის „ლეიკერსს“ 12 მოგება და 2 წაგება აქვს და „სან ანტონიო სპურსთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციის პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. „ლეიკერსი“ მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს და „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს