კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

“რონალდუ არ გენატრება?“ - ჟეზუშის პასუხი და განმარტება დანიასთან წაგებაზე

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა დანიასთან 1:4 მარცხი კრიშტიანუ რონალდუს არყოფნას არ დაუკავშირა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოფილმა კაპიტანმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, ხოლო გულშემატკივრებს, რომლებიც კვლავ მის სახელს სკანდირებენ, არ დავიწყებიათ, რა გააკეთა ფეხბურთელმა საკუთარი ქვეყნისთვის 23 წლის განმავლობაში.

მწვრთნელის განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც დანიის ნაკრების მიერ მეოთხე გოლის გატანის შემდეგ გულშემატკივართა ნაწილმა ტრიბუნები დატოვა და პორტუგალიელი ვარსკვლავის სახელი სკანდირა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ ეროვნულ გუნდში აღარ თამაშობს, ამ ეპიზოდმა ის კვლავ დისკუსიის ცენტრში მოაქცია.

კითხვაზე, აკლდა თუ არა რონალდუ ან აწუხებდა თუ არა მისი არყოფნა, ჟორჟე ჟეზუშმა განაცხადა, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის. მისი თქმით, ფეხბურთელის ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის გათვალისწინებით, გულშემატკივრების ნოსტალგია ბუნებრივია.

„ხალხს ის ენატრება და არ დავიწყებია, რა გააკეთა კრისმა ნაკრებისთვის 23 წლის განმავლობაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უკან დასახევი გზა აღარ არსებობს“,

— აღნიშნა მწვრთნელმა.

საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრისას კი ჟეზუში პირდაპირი იყო:

„მე მენატრება? როგორ შეიძლება მენატრებოდეს, როდესაც ის ეროვნულ ნაკრებში აღარ არის? მხოლოდ იმ შემთხვევაში მომენატრებოდა, ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო, მაგრამ ის აღარ თამაშობს, აქ აღარ არის და გადაწყვეტილება თავად მიიღო“.

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მატჩის შედეგით უკმაყოფილებაც არ დამალა. მისი თქმით, გუნდი საკუთარ მოედანზე წასაგებად არ იყო მზად, მით უმეტეს — ოთხი გოლის გასაშვებად.

ჟეზუშის აღიარებით, მის გუნდს დაცვის ხაზში ის სიმტკიცე აკლდა, რომელიც პირველ შეხვედრაში ჰქონდა და დანიის შეტევების შეჩერება ვერ შეძლო. ვითარება მეორე ტაიმში კიდევ უფრო გართულდა, როდესაც მეტოქემ მაღალი პრესინგი გამოიყენა და პორტუგალიელი ფეხბურთელების ზურგს უკან არსებული სივრცეები აითვისა. მასპინძლებმა კი შეტევაში საკმარისი გამოსავალი ვერ იპოვეს და საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდათ.

მწვრთნელის განმარტებით, პრობლემა მხოლოდ დაცვის ხაზში არ ყოფილა. ყველაფერი წინა ხაზის ფეხბურთელებისგან დაიწყო, რომლებმაც სათანადო პრესინგი ვერ განახორციელეს. ამის შედეგად დანიელებს ბურთით წინ წაწევა და შეტევების ორგანიზება მარტივად შეეძლოთ.

ჟეზუშმა ყურადღება გაამახვილა ორ მსგავს გოლზეც, რომლებიც დანიელებმა ჩაწოდებების შემდეგ გაიტანეს. მისი თქმით, მეტოქის ფეხბურთელებმა უკანა ხაზიდან წინ გადაადგილებით ალბერტოსა და რუბენ დიაშს შორის არსებული სივრცეები გამოიყენეს. მწვრთნელმა დანიელების თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ მათ პორტუგალიელთა გადაადგილებები კარგად წაიკითხეს და გუნდის სისუსტეები ეფექტურად გამოიყენეს.

მან დაადასტურა, რომ მისმა გუნდმა ვერ გაიმეორა ის თამაში, რომელიც პირველ შეხვედრაში აჩვენა, როდესაც უკეთესი იყო და მეტოქე 4:2 დაამარცხა. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ფეხბურთელების მიერ მისი დავალებების შეუსრულებლობა მისი პასუხისმგებლობაა. ამასთან, აღნიშნა, რომ ზოგიერთ მოთამაშეს საკლუბო ფეხბურთში ორკვირიანი პაუზის შემდეგ სათანადო სათამაშო მზადყოფნა აკლდა.

ჟეზუშის თქმით, მარცხი უელსთან შეხვედრამდე მის გეგმებს გადაახედვინებს. თავდაპირველად რამდენიმე ფეხბურთელისთვის შანსის მიცემას აპირებდა, თუმცა ახლა უფრო მეტად იმ მოთამაშეებისკენ იხრება, რომლებმაც დამაჯერებლად ითამაშეს და წინა ოთხ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მისი მიზანი გუნდის ბალანსის შენარჩუნება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

მწვრთნელმა უარი თქვა, დანიასთან მარცხის გამო ეჭვქვეშ დაეყენებინა ნაკრების პირველი ოთხი მატჩის შედეგები. მისი აზრით, ეს უბრალოდ ცუდი საღამო იყო, რომელიც მანამდე მიღწეულ წარმატებებს ვერ გააუფასურებს.

„არ ვაპირებ ეჭვქვეშ დავაყენო ის გზა, რომელიც გუნდმა ამ ოთხ მატჩში გაიარა და რომლის განმავლობაშიც მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“,

— განაცხადა ჟეზუშმა.

მისივე თქმით, მატჩის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებთან მივიდა და მათი გამხნევება სცადა. შეახსენა, რომ გუნდი კვლავ ჯგუფის ლიდერია და პირველი ადგილის დასაკავებლად კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს. მარცხი მძიმე იყო, თუმცა მწვრთნელმა აღიარა, რომ დანიელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. 

ჟეზუშმა ასევე აღნიშნა, რომ მოკლე მონაკვეთში გაშვებულმა გოლებმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ანგარიშში სხვაობის ზრდასთან ერთად მათ ქამბექის რწმენა და თავდაჯერებულობა დაკარგეს. 

მიუხედავად ამისა, მწვრთნელის თქმით, ახლა აუცილებელია მარცხის დავიწყება და მომდევნო შეხვედრაზე კონცენტრირება. პორტუგალიისთვის ეს ბოლო შანსია, ჯგუფში ლიდერობა გაიმყაროს და მეოთხედფინალში ადგილი მოიპოვოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები