თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

“დიდი გამოცდილება მივიღე“ - თორნიკე კვარაცხელია MARCA-ს ესაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია უდიდეს საფეხბურთო ტალანტად ითვლება და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დინამო თბილისის შემტევზე ესპანური ავტორიტეტული გამოცემა MARCA წერს.

MARCA:

„თორნიკე კვარაცხელიას პირველი დიდი წარმატება 28 ოქტომბერს შედგა, როდესაც მისმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე „კოპენჰაგენი“ 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ საქართველოს გუნდის გამარჯვებაში ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით შეიტანა წვლილი. შვიდი დღის შემდეგ, მიუხედავად დანიაში განცდილი მარცხისა, თბილისელებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე „ფიორენტინა“ იქნება.

თბილისში შესრულებული დუბლის შემდეგ კვარაცხელიას უმცროსი ძმა სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა.

„რა თქმა უნდა, ამ გოლების გატანა წარმოუდგენელი ემოცია იყო. ძალიან სასიამოვნოა, რომ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დავეხმარე“,

— განუცხადა მან MARCA-ს და გაიხსენა, რამდენად ჰგავდა მისი გოლები იმ ეპიზოდებს, რომლებითაც უფროსი ძმა პარიზში ხშირად გამოირჩევა.

თორნიკე სულ რაღაც 16 წლისაა, თუმცა თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდსა და 19-წლამდელთა შემადგენლობას შორის უკვე თამაშობს. მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს დებიუტი გამართული და ამ ასაკში უკვე სამი მატჩიც ჩაატარა.

„თავს მზად ვგრძნობ და მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისა და ნდობისთვის, რომელიც მწვრთნელებმა გამომიცხადეს. კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში დიდი გამოცდილება მივიღე“

, — ამბობს ის და იხსენებს, რომ თბილისის „დინამო“ მიმდინარე სეზონში ტურნირის ძირითად ეტაპზე გასვლასთან ახლოს იყო.

მისი მთავარი ოცნება კი უფროს ძმასთან, ხვიჩასთან ერთად თამაშია. ცხადია, არა „პარი სენ-ჟერმენში“, არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

„21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი განსაკუთრებული ემოცია იყო. ჩემი ქვეყნის წარმოდგენა ყოველთვის საამაყოა, თუმცა უფროს ძმასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში თამაში სულ სხვა გრძნობა იქნება. ეს ოცნების ახდენა იქნებოდა!“

— განუცხადა მან MARCA-ს.

კითხვაზე, როგორი ტიპის ფეხბურთელია, თორნიკე პასუხობს:

„საკუთარ თავს შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ფეხბურთელად აღვწერდი. მიყვარს ჩემი სისწრაფის, დრიბლინგისა და შეტევითი უნარების მაქსიმალურად გამოყენება“.

და მართლაც, ვიზუალურად ის ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ვერსიას ჰგავს.

ამ ეტაპზე თორნიკე კომპლიმენტებს იღებს და მათ დადებითადაც ხვდება, თუმცა მისი გარემოცვა და კლუბი ცდილობენ, ზედმეტი ყურადღებისგან დაიცვან. თავად კი რეალობას სწორად აფასებს:

„რა თქმა უნდა, ჩემ მიმართ დიდი მოლოდინებია, რადგან ხვიჩას ძმა ვარ, მაგრამ მიუხედავად გარშემომყოფების მხრიდან არსებული ზეწოლისა, მოედანზე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ფეხბურთი ვითამაშო“.

ბუნებრივია, მისთვის მთავარი მისაბაძი მაგალითი უფროსი ძმაა. ძმებს შორის ცხრა წელია სხვაობა და თორნიკე ხვიჩას კარიერულ აღმასვლას როგორც ოჯახის წევრი, ისე გულშემატკივარი აკვირდებოდა. რუსეთიდან საქართველოში, ბათუმის „დინამოდან“ ნეაპოლამდე, შემდეგ კი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლამდე.

„როდესაც პატარა ვიყავი, ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, ჩემს ძმას ვუყურებდი. ვფიქრობ, მისი სათამაშო სტილის ბევრი ელემენტი ჩემს თამაშშიც გადმოვიტანე. თანაგუნდელები ყოველთვის მეუბნებიან, რომ ძალიან ვგავარ მას“,

— ამბობს თორნიკე.

ამასობაში, ხვიჩას წარმომადგენლები პარიზიდან თბილისში ჩამოდიან, რათა თორნიკეს საკუთარი კარიერის ეტაპობრივად განვითარებაში დაეხმარონ.

„მან მასწავლა, რომ ჩემი ოცნებებისთვის ბევრი უნდა ვიშრომო და არასდროს დავნებდე. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია“,

— დაასრულა ინტერვიუ ხვიჩას ძმამ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები