ბითაძის 100-პროცენტიანი შედეგი - გოგას საუკეთესო მატჩი სეზონში
გოგა ბითაძემ NBA-ს წლევანდელი სეზონის რეგულარულ გათამაშებაში ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „ორლანდომ“ საკუთარ დარბაზში „მილუოკის“ უმასპინძლა და მეტოქე 8-ქულიანი სხვაობით, 107:99 დაამარცხა, რაშიც ფლორიდული კლუბის 27 წლის ქართველმა ლეგიონერმა საკუთარი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა. მართალია გოგას შეხვედრა სასტარტოში არ დაუწყია, მაგრამ ცვლილებაზე თამაშში იდეალურად ჩაერთო და ძალიან სასარგებლო იყო.
პარკეტზე გატარებულ 18 წუთში ბითაძემ 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ როგორც ორქულიანები (ხუთიდან ხუთი), ასევე საჯარიმოები (ორიდან ორი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, ოთხიდან ორი მოხსნა დაცვაში, ამდენივე კი თავდასხმაში ასპარეზობის დროს შეასრულა, პერიმეტრიდან კი ერთხელაც არ უსვრია. გოგამ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. ასეთი შედეგების გათვალისწინებით, Sofascore-ს ვერსიით, ათბალიანი სისტემით შეფასებისას, მეჯიქში მხოლოდ ფრანც ვაგნერს ჩამორჩა, რომელმაც 36 წუთში 35 ქულა, 12 ასისტი და 9 მოხსნა მიითვალა.
ცნობისათვის, თორმეტი ჩატარებული მატჩის შემდეგ ხუთი მოგებითა და შვიდი წაგებით „ორლანდო“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავენ, რომელიც 17 ნოემბერს, საქართველოს დროით 04:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს