„კვარას არყოფნა დიდი დანაკლისია“ - კაკაბაძისა და კვერნაძის კომენტარები
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ უნგრეთთან მატჩის წინ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდი მზად არის წელს დარჩენილ ორ თამაშში მოსაგებად იბრძოლოს და წელი პოზიტიურად დაასრულოს
„კვარა და კიტე არ არიან ჩვენთან - რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია ეს ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ მოვიგოთ. წლის ბოლო ორი თამაში გვაქვს, კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ძალიან გვინდა, რომ კარგად დავასრულოთ.
დიდი ხანია არ მოგვიგია და ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ ამ თამაშებში. დრო გვქონდა, ვიმუშავეთ კარგად და ვთვლი, რომ მზად ვართ ამ ორი თამაშისთვის“.
მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა გიორგი კვერნაძემაც:
„ძალიან დიდი დანაკლისია კვარას არყოფნა - როგორც კაპიტნის, ასევე როგორც ფეხბურთელის. მას ძალიან უნდა აქ, ჩვენ გვერდით ყოფნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს, რომ გავიდეთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.
ხვალ ბოლო საშინაო მატჩია - კარგად მოვემზადეთ, კარგად ვართ განწყობილები. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ და გავახარებთ ჩვენს გულშემატკივრებს“.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადება 9 ნოემბერს დაიწყო. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი, 21:00), ბოლო ტურში უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება (17 ნოემბერი, 23:45).
ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გოლი გაუტანია და არც გამარჯვება მოუპოვებია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს