„ვვარაუდობდი, რომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო“ | სადულაევი მერაბზე
RAF-ის მომდევნო ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და მისი ერთ-ერთი მონაწილე აბდულრაშიდ სადულაევია. დღეს RAF-მა პრესკონფერენცია გამართა და სადულაევს მერაბ დვალიშვილზე ჰკითხეს, რომელსაც უსმან ნურმაგომედოვი ლაჩრულად, უკნიდან თავს დაესხა. სადულაევს თბილისში, დვალიშვილსა და ახმედ გაჯიმაგომედოვს შორის მომხდარი ინციდენტი გაახსენეს.
„დიახ, სანამ აქ ჩამოვფრინდებოდით, ეს ინციდენტი მოხდა, რაც ნამდვილად ცუდია. ვვარაუდობდი, რომ მსგავსი რამ გარდაუვალი იყო. საქართველოში ყოფნისას ჩემი მეგობარი, ახმედი მერაბთან მივიდა მას შემდეგ, რაც მან უმარზე არაკორექტულად ისაუბრა.
მშვიდად, პატივისცემით მივედით და ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, ასე რატომ საუბრობდა და პროვოცირებას რატომ ახდენდა, რის შემდეგაც მერაბმა მას დაარტყა. იქ ჩვენი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ეს საკითხი მოვაგვარეთ და თემა დავხურეთ. თემა დაიხურა ახმედთან მიმართებით, თორემ უსმანი და უმარი მერაბს არ შეხვედრილან.
ვვარაუდობდი, აბუ-დაბიში შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. არ ვიცი, შეიძლება, ერთ ქარდზე სპეციალურად დანიშნეს მათი ჩხუბი. ამის გამო არ შეიძლება, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კონფლიქტი დაიწყოს. ვფიქრობ, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან საერთო ენას გამოვნახავთ და ყველაფერს მოვაგვარებთ“.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს