„მერაბი და საბა ამ დრომდე დაკავებულები არიან“ - ზვიად ლაზიშვილის მიმართვა
MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ზვიად ლაზიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ აბუ-დაბის პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვისა და მისი მეგობრების გარდა, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილიც დააკავა. მისივე თქმით, დვალიშვილი და ლაზიშვილი საპატიმროში სავარაუდოდ, 48 საათს გაატარებენ.
რას ამბობს ზვიად ლაზიშვილი:
„მინდა გამოვეხმაურო იმ მიმდინარე გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი, ორივენი ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან. ისინი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა იქ 48 საათის განმავლობაში დარჩნენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს მოვლენების შემდგომ განვითარებას. ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. ისინი უბრალოდ თავს იცავდნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეჩხუბათ და პასუხი გაეცათ. ასე რომ, გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალაუფლება ან რაიმე კავშირები მათ დასახმარებლად, ამოიღეთ ხმა და დაგვიდექით გვერდში. უკვე დაგვიკავშირდნენ ქართველი ბიჭები, ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ცდილობენ ადვოკატების აყვანას და სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ მაინც...“
მერაბ დვალიშვილთან და საბა ლაზიშვილის გარდა, პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მათი მეგობრებიც დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბის ბიძაშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ თავს. ქართველი „მაქნანა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში RAF-ში გასამართი საჭიდაო შეხვედრისთვის ემზადებოდა, რომელიც მიმდინარე კვირის უქმეებზე უნდა ჩაეტარებინა. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მარლონ მორაესისა და მერაბის საჭიდაო დაპირისპირება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს