„მერაბმა საქართველოში ჩვენი ძმა დაჩაგრა, ახლა კი...“ - დვალიშვილის ყოფილი გუნდელის მიმართვა
ნურმაგომედოვების გუნდის წევრმა, მაგდი ამაჩოვმა, რომელიც წარსულში მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი იყო, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მერაბს დაუპირისპირდა.
შეგახსენებთ, რომ მაგდი ამაჩოვი წარმოშობით დაღესტნიდან არის. რამდენიმე წლის წინ, მერაბ დვალიშვილმა ლას ვეგასში ამაჩოვს ერთ-ერთ სავარჯიშო დარბაზში შემთხვევით შეხვდა. მაშინ, მაგდი ამაჩოვს არც საცხოვრებელი სახლი და არც ფინანსები არ ჰქონდა, მერაბმა კი ის საკუთარ სახლში შეიფარა.
უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბამდე რამდენიმე თვით ადრე, მაგდი ამაჩოვმა მერაბის გუნდი დატოვა და ნურმაგომედოვების გუნდს შეუერთდა, სადაც უმარს დვალიშვილთან ბრძოლისთვის მოსამზადებელ კემპში ეხმარებოდა. დღეს, კი ამაჩოვი მერაბის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და კონფლიქტის დაწყების მიზეზად თბილისში მომხდარი ინციდენტი მოჰყავს.
რას ამბობს მაგდი ამაჩოვი:
ვადევნებ თვალს ყველაფერს, რაც ხდება, ვკითხულობ ამ ჰეითს, ყველაფერს ვხედავ და ვკითხულობ. ეს ვიდეო მხოლოდ მათთვისაა, ვინც ემოციებით კი არ აზროვნებს, არამედ გონებას რთავს და საღად ფიქრობს. მათთვის, ვინც მსჯელობს რა არის სწორი და რა - არასწორი. ყველა რატომღაც ახლა აღშფოთდა, აი, ახლა გამოფხიზლდა ყველა. მაგრამ რა ვქნათ იმ სიტუაციაზე, რაც საქართველოში მოხდა? როდესაც ჩვენი ძმები, მოჭიდავეები ჩამოვიდნენ საქართველოში RAF-ის ტურნირზე საჭიდაოდ და მერაბმა მოულოდნელად დაარტყა ჩვენს ძმას. ამან ძალიან გვატკინა გული, როგორც ძმებს, როგორც დაღესტნელებს, როგორც მუსლიმებს. იმიტომ, რომ ჩვენი ძმა იქ დაიჩაგრა. იქ იყვნენ დაცვის თანამშრომლები და არავინ მიანიჭა ამას მნიშვნელობა. უბრალოდ საინფორმაციო გვერდებზე გაატარეს და ეგ იყო. ეგონათ, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა. მაგრამ ყველამ, ვინც მსჯელობს რა არის სწორი და რა არა - მათ შორის ქართველებმაც - იცოდა, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები. და მერაბმაც მშვენივრად იცოდა.
მერაბი ჩემთვის უცხო ადამიანი არ არის. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ძალიან მეწყინა, როცა საქართველოში მომხდარი ის ინციდენტი ვნახე ვიდეოში. ამ სიტუაციის მერე ამ ადამიანს დავშორდი კიდეც, იმიტომ რომ, როგორ შეიძლებოდა? ის ასე მოექცა ჩემს მუსლიმ ძმას თავისთან, სახლში ყოფნისას და არ გაითვალისწინა, რომ ჰყავს დაღესტნელი მეგობრები, რომლებსაც ამის გამო გული ეტკინებოდათ. მინდა ერთი რამ გითხრათ. როდესაც მერაბისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლის მერე აღსანიშნავად წავედით, ერთმა ქართველმა უფროსმა კაცმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა: „მაგდი, იცი, სტუმრები ჩვენთვის ვინ არიან? მტერიც რომ შემოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ის ჩვენთვის მტერი აღარ არის, ის ჩვენი სტუმარია. და ჩვენ არ გვაქვს მისი ხელის ხლების უფლება, სანამ ის ჩვენს ტერიტორიაზეა“. და ახლა ვრცელდება ეს ვიდეო საქართველოდან, სადაც ჩვენი ძმა, ფაქტობრივად, ასე დაჩაგრეს. უხეშად რომ ვთქვათ, ასეა. დაცვა შევარდა და ჩხუბის საშუალებაც არ მისცეს.
კარგი, და ახლა გამოდის, რომ ასეთი მომენტი მოხდა აბუ-დაბიში. იქ 20 კაცი კი არა, სულ 4 კაცი იყო. მერაბიც თავის მეგობართან ერთად იყო, ანუ 2 კაცი და ეგ არის. რატომ ატეხეთ ახლა ყველამ ერთი ამბავი: ოჰ, ტურები და ვირთხებივით დაესხნენ თავსო? განსაჯეთ, თუ ვინმე გაგებით მსჯელობს - იქ ხომ ბევრი გაგებით საუბრობს სისწორესა და უსამართლობაზე - თავად განსაჯეთ მაშინ, რა მოხდა ახლა და რა მოხდა მაშინ. რატომ არავინ მისცა მაშინ რეზონანსი იმას, რაც საქართველოში მოხდა? რატომ ჩაეჭიდა ახლა ყველა იმას, რაც აბუ-დაბიში მოხდა? მშვენივრად მესმის და მეც ძალიან მეწყინა, როცა მერაბი ჩვენს ძმას ასე მოექცა, მაგრამ ცხოვრება ხომ ბუმერანგია, აუცილებლად უკან გიბრუნდება. როცა უსამართლოდ ურტყამ, მასზე იგივეთი გპასუხობენ.
რა თქმა უნდა, არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ. ბევრი ქართველი ვიცი და ვიცნობ, რომლებსაც პატივს ვცემ, ვესალმები, ერთმანეთის ძმები ვართ. საქართველო და დაღესტანი, როგორც ვიყავით ძმები, ისე ვრჩებით, ჩვენ ერთიანი კავკასია ვართ. მაგრამ ასეთი რაღაცები ძალიან დიდ განხეთქილებას და ბზარს აჩენს ჩვენს ძმობაში. ამიტომ, ძმებო, სანამ რამეს დაწერთ, დაფიქრდით, თქვენი თავი წარმოიდგინეთ ამ სიტუაციაში. თქვით, თქვენ როგორ მოიქცეოდით? სულ ეს არის, ყველაფერი ძალიან მარტივია. მოგესალმებით ყველას.
View this post on Instagram
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები მალევე დააკავა და მათი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც იწერება, მათ 2-წლამდე პატიმრობა, ან რამდენიმე ათასი დოლარით დაჯარიმება ემუქრებათ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს