კროოსის მკაცრი შეფასება: “ბარსელონას დაცვა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი არ არის“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და კლუბის ლეგენდამ, ტონი კროოსმა, ეჭვი გამოთქვა, აქვს თუ არა „ბარსელონას“ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭირო დაცვითი რესურსი.
გერმანელმა კატალონიელთა შემტევი ფეხბურთი და ლამინ იამალის ინდივიდუალური ოსტატობა შეაქო, თუმცა მიიჩნევს, რომ დაცვაში გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს.
მადრიდის „ატლეტიკოსთან“ „ბარსელონას“ თამაშის შეფასებისას კროოსმა ყურადღება გუნდის მაღალ დაცვით ხაზზე გაამახვილა. მისი აზრით, ტექნიკურად ძლიერ მეტოქეებს შეუძლიათ, ამ ტაქტიკური მიდგომით დატოვებული სივრცეები ეფექტურად გამოიყენონ.
კროოსი „ბარსელონას“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნევს და ამავე კონტექსტში „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენსაც“ ასახელებს.
თუმცა გერმანელი ფიქრობს, რომ კატალონიელთა სათამაშო სტილი ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს, რადგან ამ ტურნირზე დაცვაში დაშვებულ შეცდომებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ბარსელონა ყოველთვის ცდილობს, მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნას, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ისეთ გუნდებს ხვდები, რომლებსაც ერთ მატჩში რამდენიმე გოლის გატანა შეუძლიათ“,
— განაცხადა მან.
კროოსმა ასევე აღნიშნა, რამდენად რთულია საკუთარი სათამაშო სტილის შენარჩუნება კარგად ორგანიზებული დაცვის მქონე გუნდების წინააღმდეგ. ამ კონტექსტში მან „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩი გაიხსენა.
„ჩემპიონთა ლიგაზე ისეთ მეტოქეებსაც ხვდები, რომლებიც გამორჩეულად კარგად იცავენ თავს და ჩვეულ თამაშს არ გათამაშებენ. ასეთ სიტუაციებში კი საკუთარი კარის დაცვაც უნდა შეგეძლოს“, — აღნიშნა გერმანელმა.
კროოსმა ლამინ იამალი განსაკუთრებულად შეაქო
„ლამინ იამალის პირველი 25 წუთი ატლეტიკოსთან აბსოლუტურად გამორჩეული იყო. ეს ისეთი თამაში იყო, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ერთ ფეხბურთელს შეუძლია, მატჩის ბედი მთლიანად შეცვალოს. „ბარსელონას“ თითქმის ყველა სახიფათო შეტევა მისგან იწყებოდა.
ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ თანაგუნდელები მას იდეალურ პოზიციაში პოულობდნენ. უპირატესობას თავად ქმნიდა — მეტოქეებს ატყუებდა და საკუთარი ინდივიდუალური ოსტატობით საგოლე მომენტებს ქმნიდა. **ერთ მომენტში შეგეძლო, გეფიქრა, რომ თანაგუნდელებს ეუბნებოდა: „უბრალოდ ბურთი მომეცით და ამ მატჩს შემოვატრიალებთ"“.

დაცვის კრიტიკა
„„ბარსელონას“ არ ჰყავს უპამეკანოს მსგავსი მცველი, რომელსაც 30 მეტრის თავისუფალი სივრცის პირობებში თავდამსხმელთან ერთ-ერთზე დატოვებ და მაინც დარწმუნებული იქნები, რომ სიტუაციას გაუმკლავდება“.
კროოსის აზრით, კუბარსი ფლიკის საუკეთესო მცველია, თუმცა გუნდს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ესპანელ მცველს დაცვაში სათანადო პარტნიორობას გაუწევს.
„ჩემი აზრით, კუბარსი მათი საუკეთესო მცველია და თანაც დიდი უპირატესობით. მას აქვს ძალა, რომ ინდივიდუალური ორთაბრძოლები მოიგოს და სისწრაფე, რათა რთულ სიტუაციებს გაუმკლავდეს.
თუმცა, როდესაც მათ დანარჩენ სამ მცველს ვუყურებ, ვერავის ვხედავ ისეთს, ვისაც 30 მეტრის თავისუფალი სივრცის პირობებში თავდამსხმელის წინააღმდეგ მარტო დავტოვებდი და ვენდობოდი. როგორც კი მეტოქე „ბარსელონას“ პრესინგს დაძლევს, მის განკარგულებაში უზარმაზარი სივრცე რჩება.
მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამ სივრცის დამზღვევ მცველებს საჭირო განსაკუთრებული სისწრაფე და დაცვითი უნარები არ აქვთ. უპამეკანოს ან დევისის მსგავს ფეხბურთელებთან ერთად 30 მეტრის სივრცის დაცვაზე არ ვინერვიულებდი.
მაგრამ კანსელუს, ჟერარ მარტინისა და მსგავსი ფეხბურთელების შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულდება. „პირადად მე ძალიან მომწონს, როგორ თამაშობს „ბარსელონა“. მათი ფეხბურთი ბრწყინვალე და წარმოუდგენლად სანახაობრივია.
თუმცა პრობლემა ის არის, რომ გუნდს არ ჰყავს ისეთი გამორჩეული მცველები, რომლებიც ამ სტილით თამაშის საშუალებას მისცემდნენ ისე, რომ თავი სერიოზული პრობლემების წინაშე არ დაეყენებინათ“,
— დაასრულა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბარსელონა ჯერჯერობით 3 ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა. პარი სენ ჟერმენს, რეალს და ატლეტიკოს. პირველ ორ შემთხვევაში ბლაუგრანა დამარცხდა. გამარჯვება მხოლოდ როხიბლანკოსთან მოიპოვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს