“ჩაბი ალონსო ძალიან მომწონს“ - კურტუას ვრცელი ინტერვიუ
ტიბო კურტუამ Sky Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა ჩაბი ალონსოზე, მის ყოფილ მწვრთნელზე მადრიდის „რეალში“, რომელიც ამჟამად „ჩელსის“ ხელმძღვანელობს. ბელგიელი მეკარე ლონდონურ კლუბში 2011-2018 წლებში თამაშობდა.
კურტუა:
„ჩაბი ალონსო ძალიან მომწონს, მომწონს მისი შრომისმოყვარეობაც. ვფიქრობ, შესანიშნავი მწვრთნელია და ის, რაც „ბაიერ ლევერკუზენში“ გააკეთა, გამორჩეული შედეგია. დარწმუნებული ვარ, „ჩელსიშიც“ საბოლოოდ ძალიან კარგად იმუშავებს.
მათ ცოტა ხნის წინ „სანდერლენდთან“ წააგეს, ვფიქრობ, „ტოტენჰემთანაც“ შეეძლოთ გამარჯვება. ასეთია პრემიერ ლიგა — მოგება და წაგება ხშირად უმნიშვნელო დეტალებით წყდება. სწორედ ამიტომ არიან ახლა მეხუთე ადგილზე. თუმცა ნამდვილად მჯერა, რომ სეზონის ბოლოს ოთხეულში აუცილებლად მოხვდებიან. თუ კლუბი მათ მუშაობისთვის საჭირო დროს მისცემს, ვფიქრობ, კარგ შედეგებს მიაღწევენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიდან“ ჩემი წასვლა საუკეთესო ფორმით არ მომხდარა, ამ კლუბის მიმართ მაინც დიდი მადლიერება და სიყვარული მაქვს, რადგან კარიერაში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის. ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ“,
— განაცხადა კურტუამ ლისაბონში, პორტუგალიაში გამართულ Web Summit-ზე.
ალონსოს გათავისუფლებაზე:
„ეს სამართლიანი არ არის. ვფიქრობ, ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება: როდესაც შედეგები სასურველი არ არის, პირველი, ვინც ამისთვის პასუხს აგებს, მწვრთნელია.
შესაძლოა, ზოგიერთ საკითხში ალონსოსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება არ იყო, თუმცა ვფიქრობ, ბევრ მოთამაშესთან მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა“,
— აღნიშნა ბელგიელმა.
ბელინგემზე:
„ჯუდზე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს. პირველ რიგში, შესანიშნავი ადამიანია და ჩემი კარგი მეგობარი. მეორე — გამორჩეული ფეხბურთელია. ვფიქრობ, სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური ჰქონდა. გასულ წელს, მათ შორის მეც, მთელმა გუნდმა, ალბათ, იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, როგორსაც ჩვენგან ელოდნენ.
ჯუდი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბურთით თამაში, სირბილი თუ დაცვაში მოქმედება — ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. იმედი მაქვს, კარიერის დასრულებამდე „რეალთან“ ერთად კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ინგლისის ნაკრებთან ერთადაც მიაღწევს წარმატებას. შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი ვერ მოიგოს, რადგან მე ბელგიის გამარჯვებას ველოდები. თუმცა თუ ინგლისი გაიმარჯვებს, ჯუდის გამო ძალიან გამიხარდება. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ჩემი კარგი მეგობარია“.
ბელგიის ნაკრებში დაბრუნებაზე:
კურტუამ ასევე განმარტა, რატომ გადაწყვიტა ერთა ლიგაზე ბელგიის ნაკრებში არ ეთამაშა, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო.
„თავდაპირველად ჩემი გეგმა სანაკრებო კარიერის დასრულება და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლა იყო. 34 წლის ვარ და ვფიქრობდი, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი კარიერის დასასრულებლად კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ტურნირი ძალიან მომეწონა და თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. ბელგიის ნაკრებში ასპარეზობაც სასიამოვნო იყო — ეს გრძნობა რამდენიმე წლის განმავლობაში არ მქონია. ამიტომ ეს გამოცდილება ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა.
რაც შეეხება ერთა ლიგას, ჩემი აზრით, დღეს ფეხბურთელებს ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ. მჭირდებოდა მცირე შესვენება, რათა ისეთი წელი მქონოდა, როდესაც მეტ დასვენებას შევძლებდი. მარტში ტრავმა მივიღე, რომლის გამოც ხანგრძლივი პერიოდი გამიცდა. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთთან მატჩში, კიდევ ერთი დაზიანების გამო შეცვლა მომიწია. ამიტომ ვიგრძენი, რომ მცირე პაუზა მჭირდებოდა. ამ საკითხზე მწვრთნელსაც ვესაუბრე.
ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპისთვის ნაკრებში გამოძახებას კვლავ მივიღებ. თუ მწვრთნელს ჩემი დაბრუნება სურს, დავბრუნდები. შემდეგ უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება, ვინ დაიცავს კარს. ბელგიას სენე ლამენსი და სხვა მეკარეებიც ჰყავს. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე ძალიან კარგი არჩევანი გვაქვს.
საბოლოოდ, ყველაფერი საკუთარი ადგილისთვის ბრძოლას უკავშირდება — გარანტირებული არაფერია. დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ის უნდა გავაკეთო, რომ დავამტკიცო, პირველი ნომერი ვარ. თუ მწვრთნელი მოედანზე გამიყვანს, შესანიშნავი იქნება, ხოლო თუ არა — ესეც მისაღებია“,
— განმარტა კურტუამ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს