საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ეს დიდი დარტყმაა“ | უნგრელები საქართველოსთან მატჩზე

ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე უნგრეთი გახლავთ. მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება და შეხვედრა 14 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

„ჯვაროსნებთან“ გასამართ დაპირისპირებაზე უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, როლანდ შალაიმ და იოზეფ ურბლიკმა M4 Sport-თან ისაუბრეს. უეფას დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილების გამო, საქართველოსთან მატჩს უნგრელი ფანები ვერ დაესწრებიან და, ფეხბურთელთა თქმით, ეს ნაკრებისთვის დიდი დარტყმაა.

„იმედი მაქვს, შაბათს გასამართი შეხვედრა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება და კარგი თამაშით გავიმარჯვებთ. ეროვნული ნაკრები მატჩიდან მატჩამდე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. ვიმედოვნებ, ამ გზაზე დავრჩებით და ორი გამარჯვების შემდეგ A დივიზიონში დავბრუნდებით.

გულშემატკივრების არყოფნა ძალიან მტკივნეულია, რადგან, მე-12 მოთამაშესავით, ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან, თუმცა პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და თავის გამამართლებელი მიზეზები არ უნდა ვეძებოთ. ფანების არყოფნის, სხვა სასაათო სარტყელისა და მსგავსი საკითხების მიუხედავად, მიზანს უნდა მივაღწიოთ“, — განაცხადა შალაიმ.

„სულ სხვა შეხვედრისთვის ვემზადებით. დიდი დარტყმაა, ჩვენი ქომაგები სტადიონზე რომ არ იქნებიან, რადგან კარგად ვიცით, მათ რა საოცარი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ, თუმცა ამას უნდა გავუმკლავდეთ და შინ სამი ქულით დავბრუნდეთ“, — აღნიშნა ურბლიკმა.

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველ ადგილზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეზეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია — ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციას იკავებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    23 ქულა, 5 სამქულიანი და +20 | მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში
    23 ქულა, 5 სამქულიანი და +20 | მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში