„გადამწყვეტი სროლები ჩააგდო“ | ლეიკერსის ლეგენდამ მამუკელაშვილი შეაქო
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ, ჯეიმს უორთიმ სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. „მამუმ“ „ლეიკერსის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და „ატლანტა ჰოუქსს“ 23 ქულა ჩაუგდო, რის შემდეგაც უორთიმ ქართველი კალათბურთელი შეაქო.
„ვიცი, რომ რეგულარული სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ მამუკელაშვილმა აჩვენა, რომ როდესაც გუნდს სჭირდება, შეუძლია, პროდუქტიული იყოს. როდესაც ლუკა დონჩიჩი პარკეტზე არ იმყოფება, მან იცის, რომ შესაძლოა, მეტოქემ ოსტინ რივზის წინააღმდეგ ორმაგი დაცვის თამაში სცადოს და ამას იყენებს.
მამუკელაშვილმა გადამწყვეტი სროლები ჩააგდო და მნიშვნელოვანი მოხსნები შეასრულა. ბურთს კარგად იცავს და მარტივი არაა, ხელი ჩამოურტყა და წაართვა. მომწონს, რომ საკუთარ სროლაში დარწმუნებულია. ის ფლეიმეიქერია და, როგორც აღვნიშნე, დომანტას საბონისს მახსენებს, რადგან სწრაფი შეტევის დაწყება შეუძლია, ბურთის კონტროლით გამოირჩევა და პასებსაც აკეთებს. დღეს MVP-ის გამოკითხვაში პირველი უნდა იყოს“.
23 ქულის გარდა, მამუკელაშვილმა 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. როდესაც სანდრო პარკეტზე იყო, „ლეიკერსმა“ „ატლანტაზე“ 20-ით მეტი ქულა ჩააგდო. „მამუს“ გუნდს 10 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ლიდერია.
ცნობისთვის, უორთიმ მთელი კარიერა „ლეიკერსის“ რიგებში გაატარა და NBA-ის სამგზის ჩემპიონია. 1988 წელს მან ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაისაკუთრა და ყველა ვარსკვლავის მატჩის 7-გზის მონაწილეა. „ლეიკერსს“ მისი 42 ნომერი ხმარებიდან ამოღებული აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს