ახალი იდეა მწიფდება - იამალი ფლანგიდან ცენტრში? ფლიკი გუარდიოლას გზაზე
ლამინ იამალის ჯადოსნური გადაცემა ფერმინ ლოპესზე, რომელმაც „ბარსელონას“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (2:1) გამარჯვება მოუტანა, უბრალოდ გამორჩეული ტალანტის მორიგი ბრწყინვალე ეპიზოდი არ ყოფილა. ეს იყო მომენტი, რომელმაც შესაძლოა ესპანელი ვარსკვლავის კარიერაში შესაძლო ტაქტიკურ ცვლილებაზე დისკუსია წამოიწყოს.
„ატლეტიკოსთან“ იამალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი საფრთხე მხოლოდ დრიბლინგითა და ფლანგიდან სწრაფი შეტევებით არ შემოიფარგლება. მან ფერმინს შესანიშნავი გამჭოლი გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც ესპანელი ნახევარმცველი იან ობლაკთან პირისპირ დარჩა და მომენტი გოლით დაასრულა. ამ გოლმა „ბარსელონას“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ფლანგიდან ცენტრისკენ?
არავინ დავობს, რომ იამალი „ბარსელონას“ შეტევის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თუმცა მარჯვენა ფლანგზე მისი მუდმივი გამოყენება შესაძლოა ფეხბურთელის შესაძლებლობებს გარკვეულწილად ზღუდავდეს.
როდესაც ბურთს გვერდით ხაზთან ახლოს იღებს, ხშირად მის წინააღმდეგ ორი ფეხბურთელი თამაშობს — მცველს ნახევარმცველი ან უკან ჩამოსული ფლანგის შემტევი ეხმარება. ამასთან, „ბარსელონას“ მარჯვენა მცველი შეტევაში ყოველთვის ვერ ერთვება და იამალს სათანადო მხარდაჭერას ვერ უწევს.
მაგრამ რა მოხდება, თუ იამალს ყველაზე სახიფათო ზონამდე მისასვლელად ფლანგიდან დიდი მანძილის დაფარვა აღარ მოუწევს? რა მოხდება, თუ შეტევებს უფრო ღრმა პოზიციიდან დაიწყებს, საიდანაც მოედნის სრულად დანახვას, თამაშის განაწილებას, მცველების ზურგს უკან პასების გაკეთებასა და კარში დარტყმას შეძლებს ისე, რომ ერთზე მეტი მცველის მოტყუება არ დასჭირდეს?

გუარდიოლამ ეს მესისთან გააკეთა - ფლიკმა კი ექსპერიმენტი უკვე დაიწყო
ისტორიაში ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად პეპ გუარდიოლას გადაწყვეტილება გამოდგება. 2008-2009 წლების სეზონში მან ლიონელ მესი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანა და ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ათამაშა.
ამ იდეის საუკეთესო გამოვლინება 2009 წლის 2 მაისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული „ელ კლასიკო“ იყო, რომელიც კატალონიელებმა 6:2 მოიგეს. პეპმა მესი ნახევარდაცვასა და დაცვის ხაზს შორის არსებულ სივრცეებში ჩააყენა, ხოლო ტიერი ანრი და სამუელ ეტო’ო მეტოქის მცველების ზურგს უკან თავისუფალ ზონებს იყენებდნენ.

მიზანი მხოლოდ მესის გოლების რაოდენობის გაზრდა არ ყოფილა. გუარდიოლას სურდა, არგენტინელი გუნდის შეტევების ორგანიზების მთავარ ცენტრად და მამოძრავებელ ძალად ექცია. შედეგად, მესის კიდევ უფრო დიდი გავლენა მიეცა თამაშზე.
საინტერესოა, რომ ფლიკს იამალთან მსგავსი იდეის გამოცდის შესაძლებლობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
2025 წლის დეკემბერში გერმანელმა სპეციალისტმა „ბეტისთან“ მატჩში იამალი გამთამაშებლის პოზიციაზე დააყენა, ფერან ტორესის უკან. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა — ორი გოლი შექმნა და პენალტიც გაიტანა.
მაშინ ფლიკმა გაამხილა, რომ ამ იდეაზე იამალსა და სამწვრთნელო შტაბთან ჰქონდა საუბარი. ფეხბურთელმა კი გამთამაშებლის, ე.წ. „ათიანის“ პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა.
ესპანელმა ანალიტიკოსმა მარკოს ლოპესმაც ივარაუდა, რომ ადრე თუ გვიან იამალი უფრო ცენტრალურ პოზიციაზე გადაინაცვლებდა. მისი აზრით, ფეხბურთელის შესაძლებლობები გამთამაშებლის როლში წარმატების მიღწევის საშუალებას იძლევა.
რას მოუტანს „ბარსელონას“ იამალის უფრო ღრმა პოზიციაზე თამაში?
ამ ცვლილებას ბევრი პოტენციური უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, იამალი გვერდით ხაზთან მიჯაჭვული აღარ იქნება და პასის, გადაადგილებისა თუ კარში დარტყმის მეტი არჩევანი ექნება.
თუ იამალი თავდამსხმელის უკან ითამაშებს, ის პედრის დაუახლოვდება. ორივეს შეეძლება პასების გაცვლა და ნახევარდაცვაში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა. ამასთან, იამალი შეძლებს რაფინიას და სხვა ფლანგის შემტევის გადაადგილებებით ისარგებლოს, როდესაც ისინი მეტოქის დაცვის ხაზის უკან შეიჭრებიან.
„ბარსელონას“ გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელიც წაადგებოდა. ის მეტოქის ორ ცენტრალურ მცველს უკან დახევას აიძულებდა და საჯარიმოს მისადგომებთან იამალისთვის სივრცეს გაათავისუფლებდა. შედეგად, ახალგაზრდა ვარსკვლავს ყოველი შეტევის დროს ფლანგისკენ გადაწევა აღარ დასჭირდებოდა.
ცენტრში თამაშისას იამალს შეტევების აგებაშიც უფრო დიდი როლის შესრულება შეეძლება და აღარ მოუწევს მხოლოდ კონკრეტულ ზონაში ბურთის მიღების ლოდინი. გუარდიოლამ მესისთანაც სწორედ ეს მიდგომა გამოიყენა, როდესაც გააცნობიერა, რომ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის რაც შეიძლება მეტ ფაზაში უნდა ყოფილიყო ჩართული.

რეალური საფრთხეები — დაკარგავს თუ არა იამალი თავის მთავარ იარაღს?
მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა მიმზიდველად გამოიყურება, ცენტრალურ ზონაში გადანაცვლება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იამალი უკეთეს ფეხბურთელად იქცევა.
მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღი მცველთან პირისპირ დარჩენა, მისი მოტყუება და შემდეგ თავისუფალ სივრცეში შეჭრაა. ცენტრში კი მას გაცილებით მეტი ფეხბურთელი დახვდება, რის გამოც ამ უპირატესობის გამოყენება შესაძლოა გაუჭირდეს.
გარდა ამისა, ცენტრალურ ზონაში ბურთის მიღებისას იამალს შესაძლოა კარისკენ ზურგით თამაში მოუწიოს. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პოზიციისგან, სადაც ფლანგზე ყოფნისას ბურთს მეტოქის კარისკენ სახით იღებს.
არსებობს დაცვითი რისკიც. ცენტრალურ ზონაში ბურთის დაკარგვა გაცილებით სახიფათოა, რადგან მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობას აძლევს, რაც „ბარსელონასთვის“ შესაძლოა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდეს.
სჭირდება თუ არა ფლიკს გუარდიოლას გამბედაობა?
მესის პოზიციის შეცვლით გუარდიოლას მხოლოდ ერთი ფეხბურთელის სათამაშო ადგილი არ შეუცვლია — მან მთელი შეტევითი სისტემა გუნდის ყველაზე დიდი ტალანტის გარშემო ააწყო.
შესაძლოა, „ბარსელონა“ ახლა იამალის შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციაში იყოს. ფლანგის შემტევი უკვე მეტოქეების მთავარი სამიზნეა და იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც ყველაზე ხშირად ორმაგი მეურვეობა გამოიყენება.
ეს არ ნიშნავს, რომ იამალი მესის ასლი უნდა გახდეს ან „ბარსელონამ“ მარჯვენა ფლანგზე მისი გამოყენების იდეაზე უარი თქვას. თუმცა ძველი მიდგომის უცვლელად შენარჩუნებამ შესაძლოა მეტოქეებს მისი გავლენის შესაზღუდად საჭირო იარაღი მისცეს.
„ატლეტიკოსთან“ ფერმინის გოლის ეპიზოდმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ იამალს ერთდროულად აქვს როგორც გამთამაშებლის ხედვა, ისე ფლანგის შემტევისთვის დამახასიათებელი ტექნიკა.
ახლა მთავარი კითხვა ჰანსი ფლიკის წინაშეა: დაკმაყოფილდება იმით, რომ იამალის ამ შესაძლებლობებს მარჯვენა ფლანგზე გამოიყენებს, თუ ეყოფა გამბედაობა, საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ახალ როლში გამოსცადოს — ისე, როგორც გუარდიოლამ ეს წლების წინ მესისთან გააკეთა?..
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს