ნოიერის საიმედოობა ეჭვქვეშაა - შეცდომა, ტრავმა და აშკარა რეგრესი
მანუელ ნოიერისთვის რთული სეზონი გრძელდება — გერმანელმა მეკარემ ფეხის ტრავმა კვლავ იგრძნო და „ბაიერნის“ მაისურით „მაინცთან“ მოგებულ მატჩში (2:1) კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა. ვეტერანმა კიპერმა მოედანი პირველი ტაიმის დასრულებამდე დატოვა, რამაც მისი ფიზიკური მდგომარეობისა და სათამაშო ფორმის შესახებ კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა.
„ბაიერნმა“ სტუმრად „მაინცი“ 2:1 დაამარცხა, თუმცა მატჩის მთავარი თემა მალევე ნოიერი გახდა. ვეტერანი მეკარის თამაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, რადგან მან მორიგი არასაიმედო გამოსვლა აჩვენა.
ნოიერი 40 წლისა და 225 დღის ასაკში „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა და ბერნდ დრეჰერის რეკორდი მოხსნა. თუმცა ისტორიული მატჩი მისთვის ნაადრევად დასრულდა — მეკარემ პირველი ტაიმის დასრულებამდე მოედანი ფეხის ტრავმის გამო დატოვა.

23 წლის იონას ურბიგით შეცვლამდე ნოიერმა უხეში შეცდომა დაუშვა: ჩაწოდების დროს პოზიცია არასწორად შეარჩია და ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ლი ჯე-სუნგმა გაიტანა. თუმცა „ბაიერნი“ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაშვებულ გოლს გადაურჩა.
ტრავმა მიუნხენელებისთვის სერიოზული შეშფოთების მიზეზია, რადგან ნოიერს ფეხის ზუსტად იმავე პრობლემის გამო ცოტა ხნის წინ ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწია. ის მოედანზე მხოლოდ შუა კვირაში, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მოგებულ შეხვედრაში დაბრუნდა.
მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის, ავადმყოფობის გამო არყოფნაში მეკარის მდგომარეობაზე კომენტარი მისმა ასისტენტმა, აარონ დენკსმა გააკეთა.
„მან ფეხში კვლავ რაღაც იგრძნო. ამ ეტაპზე მეტი არაფერი ვიცით, თუმცა აშკარაა, რომ საქმე კარგად არ არის“,
„მაინცთან“ მომხდარი შემთხვევა ნოიერის შეცდომების მზარდი სიის კიდევ ერთი ეპიზოდია. გასულ თვეში, „აუგსბურგთან“ შეხვედრაში მისი შეცდომით რობინ ფელჰაუერმა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა — მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც რვა წამში.
Opta ნოიერის საიმედოობის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს. „აუგსბურგთან“ დაშვებული შეცდომა მისთვის ბოლო 17 საჩემპიონატო მატჩში მეხუთე იყო, რომელსაც გოლი მოჰყვა — საშუალოდ, ასეთი შეცდომა ყოველ 3.4 შეხვედრაში ერთხელ დაუშვა.
ეს მის ჩვეულ სტანდარტებთან შედარებით მნიშვნელოვანი უკუსვლაა. მანამდე ჩატარებულ 248 მატჩში ნოიერს მსგავსი ტიპის მხოლოდ 10 შეცდომა ჰქონდა დაშვებული, რაც საშუალოდ ყოველ 24.8 შეხვედრაში ერთ შეცდომას ნიშნავს.
ნოიერის გარშემო არსებული კითხვების მიუხედავად, „ბაიერნმა“ სტუმრად ჩატარებულ საჩემპიონატო მატჩებში წაუგებელი სერია 31 შეხვედრამდე გაზარდა. ჰარი კეინს გოლი არ გაუტანია, თუმცა საგოლე გადაცემები ჯოშუა კიმიხსა და 18 წლის ლენარტ კარლს გაუკეთა.
მოგების შემდეგ „ბაიერნი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 21 ქულით ლიდერობს და გოლების უკეთესი სხვაობით უსწრებს დორტმუნდის „ბორუსიას“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს