მორიგი რეკორდი MLS-ში | მესი 39 წლის ასაკშიც საოცარია
ლიონელ მესიმ ამერიკულ ფეხბურთში თავისი მემკვიდრეობა კიდევ უფრო განამტკიცა — ის MLS-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ოქროს ბუცი“ ზედიზედ ორჯერ მოიგო. „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა 2026 წლის MLS-ის რეგულარული სეზონი 26 გოლით დაასრულა და 39 წლის ასაკშიც დაამტკიცა, რომ კვლავ გამორჩეულია.
ლეგენდარულმა არგენტინელმა ეს შედეგი 31 მატჩში დააფიქსირა, საიდანაც 29 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. საბოლოოდ, მან უახლოეს მდევარს, „დალასის“ თავდამსხმელ პეტარ მუსას, ოთხი გოლით აჯობა. მესამე ადგილი კი „ნეშვილის“ ფორვარდმა, სემ სერიჯმა დაიკავა, რომელმაც 21 გოლი გაიტანა.
მესი უკვე მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ერთზე მეტჯერ მოიპოვა. მის შთამბეჭდავ სტატისტიკას 17 საგოლე გადაცემაც ემატება, რაც ჯამში 43 შედეგიან მოქმედებას ნიშნავს — ამ მაჩვენებლითაც ის ლიგის ლიდერია.
ლეომ „ოქროს ბუცი“ მანამდე, 2025 წელსაც მოიგო, როდესაც რეგულარული სეზონის მხოლოდ 28 მატჩში 29 გოლი გაიტანა. 2024 და 2025 წლებში MVP-ის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ, 2026 წელსაც ის ამ ტიტულის მთავარი ფავორიტია.
თუ მესი ჯილდოს კვლავ მიიღებს, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი MLS-ის ისტორიაში პირველი სამგზის MVP გახდება. „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი კილი გონსალესი დარწმუნებულია, რომ მისი ვარსკვლავი ამ ისტორიულ აღიარებას სრულად იმსახურებს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ის საუკეთესოა. თანაგუნდელების მიმართ პატივისცემის თვალსაზრისით, მას ვერავინ შეედრება. ჩემი აზრით, ლეო თავისი ასაკისა და იმის გათვალისწინებით, რასაც აკეთებს, MVP-ის ჯილდოსაც იმსახურებს და „ოქროს ბურთსაც. იმედი მაქვს, ამის მიღწევას შეძლებს“.
— განაცხადა გონსალესმა ESPN-თან.

მესიმ რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა, თუმცა „ინტერ მაიამის“ თამაშში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გუნდი „შარლოტთან“ 3:3 დაზავდა. მესის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ იან ფრეიმ ანგარიში გახსნა, მოგვიანებით კი მან ლუის სუარესის ახლო მანძილიდან გატანილ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.
„ინტერ მაიამიმ“ აუხსნელად გაანიავა პირველი ტაიმის შემდეგ არსებული სამბურთიანი უპირატესობა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 60 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე 77 ქულით „ნეშვილმა“ დაასრულა სეზონი, რომელმაც მაიამის მიერ 2024 წელს დამყარებული ერთსეზონიანი რეკორდი გააუმჯობესა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა პირველობის მოპოვება ვერ შეძლო, „ყანჩებმა“ მორიგი წარმატებული სეზონის შემდეგ პლეი-ოფის საგზური დამაჯერებლად მოიპოვეს. ჩემპიონატში დაკავებული საბოლოო პოზიციით მათ კონკაკაფის ჩემპიონთა თასზეც ზედიზედ მეოთხედ მიიღეს მონაწილეობა.
ახლა მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა ძალების აღდგენა და გადამწყვეტი პოსტსეზონური ეტაპისთვის მომზადება უნდა შეძლონ. პლეი-ოფის პირველ რაუნდში, რომელიც სამი მატჩიდან ორამდე მოგების პრინციპით გაიმართება, „ინტერ მაიამის“ მეშვიდე ნომრად განთესილი „კოლამბუს ქრიუს“ წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს