პირველი ქართული ოქრო - ნიკა ბერიძე მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი სპორტსმენის პირველი ოქროს მედალი თბილისში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატზე - ნიკა ბერიძემ (88,4 კგ) ახალგაზრდებს შორის პლანეტის პირველობის ფინალში უზბეკი დონიორ კუვანდიკოვი საბმიშენით დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბერიძემ ორ რუს მეტოქეს, საიდ გასანოვს და სემინ ანინიანს, ასევე უკრაინელ დენის კოზორას მოუგო.
ჩემპიონობის შანსი კიდევ სამ ქართველს ჰქონდა, თუმცა იოანე ბიქოშვილი, გივი ბერიძე და საბა სულამანიძე რუს მებრძოლებთან, რახიმ ბიბულატოვთან, ზურაბ ჯანჯულიასთან და გაჯიმურად ტაგიროვთან გადამწყვეტ ბრძოლებში დამარცხდნენ. ტურნირს ესწრებოდა UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელმაც ბერიძე ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ცნობისათვის, მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ფინალური შეხვედრებით დასრულდება. ოქროს მედლის მოპოვებას კი მძიმე წონაში ლევან ლაგვილავა შეეცდება, რომლის მეტოქეც რუსი ომარ გასაინიევი იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს