მახაჩევი: კვარას სათამაშო სტილი ძალიან მომწონს
UFC-ის ქვესაშუალო წონის მოქმედმა 35 წლის ჩემპიონმა, დაღესტნელმა ისლამ მახაჩევმა ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა იმ ფეხბურთელად, ვისი სათამაშო სტილიც ყველაზე მეტად მოსწონს.
„კვარას სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. ფლანგზე პასს რომ მისცემ - უკვე იცი რომ იქიდან რაღაც მწვავე იწყება. აი, ჩვენს ფეხბურთს რომ ვუყურებ, იქ ფლანგზე აძლევენ პასს და ბიჭები ვითარებას ვერ ამწვავებენ, არ რისკავენ.
ვუყურებ პსჟ-ს მატჩებს და იქ ყოველთვის კარისკენ გარბიან, ამწვავებენ, მომენტებს ქმნიან. ასეთი ფეხბურთი უფრო მომწონს“,
- განაცხადა მახაჩევმა Abrek Football-თან ინტერვიუში.
მახაჩევმა ხვიჩას ტრავმის შემდეგაც მიმართა და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა:
„სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებ, ძმაო! მხნედ იყავი, თავი მაღლა ასწიე და უფრო ძლიერი დაბრუნდი!"
შეგახსენებთ, რომ ისლამმა ბოლო ორთაბრძოლა 16 აგვისტოს, ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე UFC 330-ზე ჩაატარა. მისი მეტოქე ირლანდიელი იან გარი გახლდათ. დაპირისპირება ხუთივე რაუნდს გაგრძელდა და ისლამის გამარჯვებით, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა.
რაც შეეხება კვარას, ქართველმა გარემარბმა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების ოპერაცია წარმატებით გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე დაიწყო. მისი მოედანზე დაბრუნება 7-9 თვეში იგეგმება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს