კოპენჰაგენი, იბერია 1999
Aa
Aa

მარცხი კოპენჰაგენთან - იბერია 1999 ქულასთან ახლოს იყო

კონფერენს ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში „იბერია 1999“ დანიაში „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

„კოპენჰაგენი“ თბილისური კლუბისთვის კონფერენს ლიგის ფაზაზე ყველაზე გამოცდილი და ალბათ ყველაზე ძლიერი მეტოქეც არის. ამ ყველაფრის ფონზე, „იბერიამ“ საკმაოდ თამამად და კარგად ითამაშა, შანსებიც შექმნა და დანიელებიც ანერვიულა.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე ელინიუსმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. ამ ეპიზოდში მაკარიძემ კარიდან გამოსვლა დააგვიანა და თერთმეტმეტრიანიც ამის შემდეგ დაინიშნა. ზუსტად სამ წუთში მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან სწრაფი იერიში განახორციელეს, რასაც საჯარიმოში ჩაწოდება და სელიმოვიჩის ავტოგოლი მოჰყვა.

მიუხედავად საშინელი სტარტისა „იბერია“ არ გატყდა. 30-ე წუთზე ძაგანიამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ ლევან კორღალიძის გუნდმა აგრესიულად თამაში გააგრძელა, რაც სწორი ნაბიჯი იყო.

მეორე ტაიმის სტარტიდანვე „იბერია 1999“ მეტოქეზე ზეწოლას ზრდიდა, რასაც 53-ე წუთზე ტიბუეს გოლი მოჰყვა, თუმცა მეკარეზე თავდასხმის გამო სამწუხაროდ გოლი გაუქმდა.

დანიელებმა ეტაპობრივად უკან დაიხიეს და ფრთხილი სათამაშო სტილი აირჩიეს, რაც მათი მხრიდან სწორი მიდგომა იყო. ამის შემდეგ, მეტად უხეში შეცდომა აღარ დაუშვიათ. „იბერიას“ კი ფიზიკურად ენერგია არ ეყო, ასევე შემადგენლობის სიღრმეც დააკლდა, რომ მატჩის დასკვნით 15-20 წუთში მომენტები შეექმნა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს „იბერია 1999“-ის საუკეთესო მატჩი იყო კონფერენს ლიგაზე. წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს ქართული კლუბი გაცილებით გამართულად თამაშობდა.

ბოლოს გეტყვით, რომ მე-4 ტურში „იბერია 1999“ თბილისში ესპანურ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება (21:45).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები