სანიკიძეს ნდობა გამოუცხადეს - ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო დირექტორი
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს ვიქტორ სანიკიძეს ფიბას ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილება ერთი წლით გაუხანგრძლივეს. ამის თაობაზე ფედერაციაში სპეციალური წერილი დღეს მოვიდა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მარკუს შტუდერმა და გენერალურმა დირექტორმა, პატრიკ კომნინოსმა სანიკიძეს თანამშრომლობის გაგრძელება ოფიციალურად აცნობეს.
სანიკიძე საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარედ პირველად გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება. საშეჯიბრო კომიტეტი კი, BCL-ის სტრუქტურაში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებს — ის უზრუნველყოფს ტურნირის ფორმატის, მონაწილეთა სიის, კალენდრის შემუშავებასა და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადებას დირექტორთა საბჭოსთვის.
ცნობისათვის, უკვე რამდენიმე წელია ვიქტორ სანიკიძე ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების ორგანიზება და მართვაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს