„საბურთალოზე შექმნილი კლუბი, რომელმაც დიდ მიზანს მიაღწია“ - დანიელები იბერიაზე წერენ
2026 წელი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის უდავოდ დასამახსოვრებელია - ოცდაორწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა შეძლო და ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე მოხვდა, რაც ახლა თუ არა, სამომავლოდ მაინც საქართველოს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას პროგრესირებაში დაეხმარება. წარმატებას „იბერია 1999“-მა მიაღწია, რომელიც თუ პირველ ტურში სტუმრად „სენტ ტრუიდენთან“ (0:2) დამარცხდა, მეორეში თბილისში, შვედეთის „მიალბისთან“ (1:1) ქულა აიღო. ახლა ლევან კორღალიძის მომზადებულ ფეხბურთელებს ყველაზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რადგან ისინი სტუმრად „კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ ითამაშებენ და ბუნებრივია, დანიური გრანდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი ყურადღების ქვეშ მოექცა.
რას წერენ იბერია 1999-ზე
კლუბი თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთ რაიონში, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიების მიზნით დაარსდა, თუმცა პროექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდად იქცა.
შესაძლოა, სახელწოდებამ ესპანეთი ან პორტუგალია გაგვახსენოს, თუმცა იბერიას არაფერი აქვს საერთო პირენეის ნახევარკუნძულთან. ის უძველეს იბერიის სამეფოს ეხება, რომელიც დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. 1999 წელს კლუბს „საბურთალო“ იმ რაიონის საპატივცემულოდ დაერქვა, სადაც დაარსდა, თუმცა 2024 წლის ნოემბერში ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებად სახელი „იბერია 1999“ დაერქვა.
სახელწოდებას „იბერია“ ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული ისტორია აქვს. როდესაც საქართველომ 1990 წელს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა გადაწყვიტა, ქვეყნის ტრადიციულმა კლუბმა „დინამო თბილისმა“ სახელი შეიცვალა და „იბერია“ დაირქვა. ამ სახელით კლუბმა საქართველოს პირველი ორი ჩემპიონატი1990 და 1991 წლებში მოიგო, შემდეგ კი ისევ „დინამო“ დაიბრუნა.
ახლა რაც შეეხება „საბურთალოს“, ანუ დღევანდელი „იბერია 1999“-ის ისტორიას - 2015 წელს „საბურთალო“ საქართველოს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დაწინაურდა და სულ რაღაც სამ წელიწადში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კლუბმა ასევე მოიგო 19-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი 2015 წელს და გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც ეს მოახერხა მას შემდეგ, რაც უეფამ ეროვნული ჩემპიონებისთვის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონთა პროგრამა შემოიღო. „საბურთალო“, სხვა გუნდებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს, „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდა და სტუმრად 2:1, სახლში კი 3:1 გაიმარჯვა.
„საბურთალომ“ საქართველოს თასი პირველად 2019 წელს მოიგო, ხოლო 2020 წელს კლუბმა ქვეყნის სუპერთასზეც გაიმარჯვა. მას შემდეგ მათ თასი კიდევ ორჯერ 2021 და 2023 წლებში მოიგეს, ხოლო სახელის „იბერიად“ შეცვლის შემდეგ, 2024-2025 წლებში Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონები, ისეთი მეტოქეების კონკურენციის ფონზე, როგორებიც „დინამო თბილისი“, „ტორპედო ქუთაისი“ და „დინამო ბათუმი“ არიან, ზედიზედ ორჯერ გახდნენ.
როგორც უკვე ყველამ გაიგო, „იბერიელებმა“ ქართული საკლუბო ფეხბურთის კრიზისი დაასრულეს და „დინამო თბილისის“ 2004 წლის წარმატების შემდეგ, გახდნენ ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენლები, რომლებიც ევროპული საკლუბო ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდნენ. იქამდე კი ქართულ ფეხბურთზე ყველაზე უპირველეს ყოვლისა 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი „დინამო“ და მისი ვარსკვლავები, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე და სხვები ახსენდებოდა.
„იბერიას“ 46 წლის სპეციალისტი ლევან კორღალიძე ამზადებს, რომელიც ამ კლუბში შინაური ადამიანია და მთავარი მწვრთნელის რანგში რამდენიმე ეტაპი აქვს გატარებული. „იბერიადან“ წასვლის შემდეგ ის მხოლოდ რამდენიმე მატჩი ამზადებდა გორის „დილას“, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა. ჯანმრთელობის პრობლემები მას ახლაც აწუხებს და ყავარჯნებით გადაადგილდება, რადგან როგორც თავად განაცხადა, ცოტა ხნის წინ საკმაოდ რთული ოპერაციის გაკეთება მოუწია.
ჩვენი მომავალი მეტოქის 36 წლის მეკარეს პორტუგალიასა და საფრანგეთში თამაშის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. 17-ჯერ უთამაშია გიორგი მაკარიძეს საქართველოს ნაკრებს და აქედან ორ შემთხვევაში აქ, „პარკენშტადიონზე“ დანიის ნაკრებთან მატჩებში.
დაცვაში, როგორც წესი ძირითადში სამი ქართველი მოთამაშეა: გამოცდილი გიორგი ქობულაძე და კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა, ასევე აკადემიის აღზრდილი 19 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი და სერბული ფესვების მქონე ლუქსემბურგელი ვაჰიდ სელიმოვიჩი. ნახევარდაცვაში რეგულარულად არის წარმოდგენილი ნიკოლოზ დადიანისა და ბაქარ ქარდავას ახალგაზრდობისა და გამოცდილების სინთეზი, რომელთაც ნიკოლოზ სიხარულაშვილისა და ზვიად ნაჭყებიას პასებით მომარაგება ევალებათ.
ცნობისათვის, უეფას კონფერენს ლიგის საწყის ორ ტურში „კოპენჰაგენმა“ ჯერ საკუთარ სტადიონზე პორტუგალიის „ბრაგა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ სტუმრად სერბეთის „ცრვენა ზვეზდასთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა. „იბერია 1999“-მა კი „მიალბისთან“ აღებული ქულით საქართველოს ცოტა ხნის დაკარგული კვოტა დაუბრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2028 წლიდან ჩვენი ქვეყნის სახელით სამის ნაცვლად ისევ ოთხი კლუბი შეეცდება ევროტურნირების ძირითად ბადეში მოხვედრას.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს