„ზურიკომ გავლენა დაკარგა...“ - ფრანგული მედია დავითაშვილზე წერს
„სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული სააგენტო Morning-foot-ი ზურიკო დავითაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონთან შედარებით, მიმდინარე სეზონში ეფექტურობა დაკარგა და შეტევაში გუნდის თამაშზე ძველებურად გავლენას ვეღარ ახდენს:
„სად გაქრა ზურიკო დავითაშვილი? ზაფხულის დიდი ნაწილის განმავლობაში, ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების შემდეგ, გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ იწერებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს „სენტ-ეტიენის“ რიგებში ძველი გავლენის დაბრუნება უჭირს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის კვლავ რჩება იმ მოთამაშედ, რომელსაც სხვაობის შექმნა შეუძლია. როგორც ჩანს, პრობლემა სხვა რამეშია.
ზურიკო დავითაშვილმა გავლენა დაკარგა
ის „სენტ-ეტიენის“ ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უნდა ყოფილიყო. მისი მომავლის ირგვლივ არსებული სპეკულაციებით სავსე ზაფხულის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი საბოლოოდ გუნდში დარჩა. ქაღალდზე ეს „სენტ-ეტიენისთვის“ შესანიშნავი ამბავი იყო, რადგან კლუბმა შეინარჩუნა ფეხბურთელი, რომელსაც ერთი აჩქარებით, დრიბლინგით ან შთაგონებით მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია. თუმცა, ჩემპიონატის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ვითარება გაცილებით განსხვავებულია.
ქართველი ცუდი მოთამაშე არ გამხდარა. ის არც თამაშებიდან გამქრალა, მაგრამ მისგან აღარ მოდის მუდმივი საფრთხის ის შეგრძნება, რაც მის საუკეთესო მატჩებს ახლდა თან. მისი სტატისტიკა ნათლად ასახავს შედეგებზე გავლენის მოხდენის სირთულეს. დავითაშვილის ანგარიშზე ლიგა 2-ის 10 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, თითო შეხვედრაში კი საშუალოდ 63 წუთს თამაშობს. მისი სტატუსის მქონე ფეხბურთელისთვის ეს საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენების სპეციფიკა და სათამაშო დროც გასათვალისწინებელია.
შესაბამისად, მთავარი კითხვა ის კი არ არის, თუ რატომ გააქვს ზურიკოს ნაკლები, არამედ იმის გაგება, თუ რატომ შემცირდა მისი გავლენა „სენტ-ეტიენის“ სისტემაში“, - ნათქვამია სტატიაში.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მისი გუნდი 25 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ლავალის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს