ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვინ ჩაუტარა ხვიჩას ოპერაცია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? - ნაკრების ექიმი ოპერაციის დეტალებზე საუბრობს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ Crystalsport-ის Youtube-არხზე, პროექტ „მეფესავით პოდკასტში“ სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ამომწურავად ისაუბრა და გაამხილა ექიმის ვინაობა, რომელმაც ქართველ შემტევს მუხლის ჯვარედინი იოგების ოპერაცია გაუკეთა.

დავით ხარაბაძის თქმით, სპეციალისტი, რომელმაც კვარას ოპერაცია ჩაუტარა, ბელგიელი პიტერ ვერდონკია, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება. ამის გარდა, ხარაბაძემ სარეაბილიტაციო კურსზე და სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

რას ამბობს ხარაბაძე:

„ხვიჩასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. ტრავმის მიღების შემდეგ, გასახდელშივე გვქონდა კომუნიკაცია, ასევე მეორე დღესაც, სანამ MRI-ს გაიკეთებდა და დადასტურდებოდა, რომ წინა ჯვარედინი იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება იყო, რაც ნიშნავს, რომ საოპერაციო შემთხვევაა. შემდეგ იყო პერიოდი, დაახლოებით ორი დღე, როდესაც მიმდინარეობდა ძიება, თუ სად და როგორ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია. საბოლოოდ გადაწყდა დოჰაში. ამ სფეროში მსოფლიოში სამი საუკეთესო ექიმი რომ დავასახელოთ, ერთ-ერთი აუცილებლად პიტერ ვერდონკია, რომელმაც ჩაატარა ოპერაცია.

ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავს კარგად გრძნობს. მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვიცი დეტალები: რა ტიპის ოპერაცია ჩატარდა, როგორ და რა მეთოდით. თუმცა, სუბორდინაციიდან გამომდინარე, რადგან თავად „პსჟ“-ს ჯერ არ გაუხმაურებია, მეც თავს შევიკავებ დეტალების გასაჯაროებისგან. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. პირველი დღეებიც წარმატებულია და, როგორც ვიცი, დაახლოებით ერთი კვირა იქ დარჩება, რათა პირველი ეტაპი იქვე დაიწყოს, შემდეგ კი პარიზში დაბრუნდება და რეაბილიტაციას გააგრძელებს.

აღდგენითი პროცესი რთულია? კი, რთულია. განსაკუთრებით პირველი ეტაპი, რომელიც ზოგადად მოიცავს შეშუპების კონტროლს და ფეხის მოხრა-გაშლის ამპლიტუდის ნელ-ნელა მომატებას. ამას ე.წ. Passive Motion თერაპია ჰქვია. არსებობს სპეციალური აპარატი, რომელიც სხვადასხვა გრადუსზე ნელ-ნელა აშლევინებს და ახრევინებს ფეხს. ყოველდღიურად ეს გრადუსები იმატებს და პირველი ეტაპის მიზანი სწორედ ის არის, რომ გაშლა-მოხრის ამპლიტუდა ბოლომდე აღდგეს. ამის შემდეგ, როდესაც დგება დღე, რომ ტკივილები და შეშუპება აღარ აქვს, დაყრდნობის დროს ტკივილი არ აწუხებს და გადაადგილება ყავარჯნების გარეშეც შეუძლია, იწყება უფრო აქტიური რეაბილიტაცია. ძალიან აქტიური რეაბილიტაცია დაახლოებით ორთვენახევარი-სამი თვიდან იწყება, როდესაც უკვე შეუძლია ძუნძული, სწრაფი სიარული, ველოსიპედის ტარება და სხვადასხვა მოძრაობის შესრულება. კარგი ის არის, რომ პროფესიონალების ხელშია და პირადი ექიმიც ჰყავს. თავად ის ექიმი, ვინც ოპერაცია გაუკეთა, მთელი ამ დროის განმავლობაში აუცილებლად იქნება საქმის კურსში, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი და გასცემს რეკომენდაციებს. სტანდარტულად, ექვს კვირაში განმეორებითი MRI ჩატარდება და გამოჩნდება ტრანსპლანტატი, რომელიც იოგის მაგივრად ჩაისვა.

ოპერაცია ძირითადად ორი მეთოდით კეთდება. ერთი მეთოდის მიხედვით, პაციენტის საკუთარი იოგის შუა ნაწილს იღებენ ძვლიანად და დაზიანებულ ადგილას სვამენ. შემდეგ ძვლები ერთმანეთთან ხორცდება და ეს იოგი რჩება. მეორე მეთოდის დროს კი ჰამსტრინგის მყესებს იყენებენ. ერთ-ერთი მეთოდით აუცილებლად გაუკეთდებოდა. განმეორებითი კვლევით ნახავენ, ახლა რა მდგომარეობაშია იოგი. ექვს კვირაში განმეორებითი MRI ჩატარდება. ამის შემდეგ რეაბილიტაცია ჩვეულებრივად გაგრძელდება. სრული გამოჯანმრთელება დაახლოებით 9 თვეში იქნება და უკვე შეძლებს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშსა და თამაშს. თუმცა, უფრო ადრეც შეიძლება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 6-7 თვეშიც დაუწყიათ, მაგრამ ყველასთვის არა... არ ღირს, 7 თვის შემთხვევაში რეციდივის რისკიც არსებობს. მე ყოველთვის ნაადრევი დაბრუნების წინააღმდეგი ვარ. ჩემი აზრით, აჯობებს, ის ორი თვეც სრულყოფილად მოახმაროს აღდგენას, მიიყვანოს პროცესი ბოლომდე და ახალი სეზონიდან სრულიად ახალი შემართებით შეუდგეს საქმეს.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა: თუ ხვიჩა კვარაცხელიას რაიმეს პრობლემა არ აქვს, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა. ის ყველა წინააღმდეგობას უპრობლემოდ გადალახავს, ამაში დარწმუნებული ვარ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ჯვარედინი იოგები ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გაიწყვიტა, რის გამოც უდიდესი ალბათობით, მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

Youtube video poster

ბელგიელი პროფესორი პიტერ ვერდონკი სპორტული მედიცინისა და ორთოპედიული ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტია მსოფლიოში, რომელიც ფოკუსირებულია მუხლის სახსრის, მენისკისა და ჯვარედინი იოგების აღდგენაზე. იგი ანტვერპენის ორთოპედიული ცენტრის (Orthoca) წამყვანი ქირურგი და გენტის უნივერსიტეტის პროფესორია. ამასთან, ვერდონკი კატარში, დოჰას ცნობილ „ასპეტარის“ კლინიკაში მიწვეული ქირურგის სტატუსით მოღვაწეობს.

პიტერ ვერდონკი აქტიურად თანამშრომლობს ფიფასთან (FIFA) და არის იმ საერთაშორისო სამედიცინო კონსენსუსის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებში მუხლის ხრტილისა და იოგების დაზიანებების მკურნალობასა და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას არეგულირებს.

სამედიცინო კონფიდენციალურობის გამო, ორთოპედი-ქირურგები პაციენტების ვინაობას საჯაროდ იშვიათად ასახელებენ, თუმცა ცნობილია, რომ ვერდონკის პაციენტების ძირითად ნაწილს ელიტარული დონის ათლეტები, ძიუდოისტები და პროფესიონალი ფეხბურთელები წარმოადგენენ.

დოჰას „ასპეტარის“ კლინიკა, რომელთანაც პიტერ ვერდონკი თანამშრომლობს, მსოფლიო დონის ვარსკვლავების მთავარი ქირურგიული და სარეაბილიტაციო ცენტრია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ - ლონდონური გამოცემა ბართიშვილზე
    “მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ - ლონდონური გამოცემა ბართიშვილზე