„როცა გუნდში მოვედი, სკაუტები არ გვყავდა“ | ფროზინონე კვერნაძეს არ უშვებს
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა „ფროზინონეს“ სპორტულ დირექტორს, რენცო კასტანინის ინტერვიუ ჩამოართვა. მან კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ფროზინონე“ გიორგი კვერნაძისა და სხვა ვარსკვლავების გაშვებას არ აპირებს.
„გამორიცხულია, კვერნაძე, რაიმონდო, კალო, შმიდი ან გეჯემისი გავყიდოთ. არანაირი ფასი არ არსებობს, რომელიც მათ გაშვებას გადაგვაწყვეტინებს. ძლიერი ხელმძღვანელობა გვყავს და ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენს. პირიქით, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ იმაზე, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობა გავაძლიეროთ.
როგორ მუშაობს „ფროზინონეს“ სკაუტინგის დეპარტამენტი? სიმართლე გითხრათ, როდესაც პოსტზე დავინიშნე, გუნდში სკაუტები არ იყვნენ. ყველაფერს მე ვაკეთებდი. კალო, კალვანი, რაიმონდო და პლამისანი ჩემი კავშირების წყალობით გადმოვიყვანე.
ახლახან სკაუტინგის მენეჯერი, მატია ბალდინი დავიქირავეთ. ხუთი სკაუტი გვყავს და ვცდილობთ, რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ. აგენტებთან ვმუშაობდი, რათა მათგან კონკრეტულ ფეხბურთელზე ინფორმაცია მიმეღო, ახლა სხვანაირი პოლიტიკა გვაქვს. მთელი მსოფლიოს გარშემო დავდივართ და ფეხბურთელებს ვაკვირდებით. მოთამაშის უნარებს თავად ვაფასებთ. მოკლედ, ვმოქმედებთ კლუბივით, რომელსაც საკუთარი სტრუქტურის ეიმედება“.
ცნობისთვის, კვერნაძესთან დაკავშირებით იტალიურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ „ფროზინონე“ აპირებს მას ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს და ანაზღაურება გაუხუთმაგოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს