ყველაზე მეტი სპრინტი და სიმბოლური გუნდი | ხარებაშვილის აღიარება თურქეთში
Futbol Verileri-ს მონაცემებით, თურქეთის სუპერ ლიგის მე-10 ტურში ყველაზე მეტი სპრინტი „ბაშაქშეჰირის“ ქართველმა მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა განავითარა — 25. ათეულში რამდენიმე ცნობილი სახეც მოხვდა: ქერემ აქთურქოღლუ (18 სპრინტი), ელდორ შომუროდოვი (18 სპრინტი) და ლეანდრო ტროსარი (17 სპრინტი).
თურქეთში ავტორიტეტულმა გამოცემამ Asist Analiz-მა ხარებაშვილი მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. საბასთან ერთად სიმბოლურ გუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე ანდრე ონანაა.
მე-10 ტურში „ბაშაქშეჰირმა“ „სამსუნსპორს“ 5:2 მოუგო, 18 წლის საბა ხარებაშვილმა ორი საგოლე პასი შეასრულა. 25-ე წუთზე მისი პასის შემდეგ ანდრეას სკოვ ოლსენმა ანგარიში 2:1 გახადა, ხოლო მეორე საგოლე პასით აბოსბეკ ფაიზულაევმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი ქართველს დიდ ნდობას უცხადებს. საბა 18 წლის 3 სექტემბერს გახდა და თურქულ კლუბში თამაშის უფლება ამ თარიღის შემდეგ მიიღო. მას შემდეგ მისმა გუნდმა სუპერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, 7-დან 5-ში სასტარტოში იყო, 7-დან 3-ში 90 წუთი ითამაშა. სკამზე მატჩის ბოლომდე მხოლოდ ერთ შეხვედრაში იჯდა და ერთხელ ცვლილებაზე ითამაშა (სადებიუტო მატჩში „გალათასარაისთან“).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს