მანჩესტერ იუნაიტედი, რიო ფერდინანდი
Aa
Aa

ქვიშაში ჩარჩენილი გემი - ფერდინანდმა მანჩესტერის მდგომარეობა შეაფასა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა კლუბის სერ ალექს ფერგიუსონის შემდგომი პერიოდი შეაფასა. ლეგენდარული მცველი „იუნაიტედში“ ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, ყურადღებას ამახვილებს „ოლდ ტრაფორდზე“ არსებულ მოლოდინებზე, მწვრთნელის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რატომ სჭირდება ნამდვილ აღმშენებლობას დრო.

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მდგომარეობის დანახვა ჰგავს დიდებული გემის ხილვას, რომელიც ქვიშაშია ჩარჩენილი, ხოლო მისი იალქნები ქაოსით სავსე ათწლეულის ქარიშხლებმა დააზიანა.

მათთვის, ვინც ოდესღაც ამ გემს გამარჯვებებისკენ მიუძღოდა, ეს მხოლოდ იმედგაცრუება არ არის — ეს მტკივნეული განცდაა. „ოლდ ტრაფორდი“ ერთ დროს უმაღლესი სტანდარტების, ურყევი ერთიანობისა და ერთი გამორჩეული მწვრთნელის რკინის ნების სიმბოლო იყო. დღეს კი ის დაკარგულის ძეგლს უფრო ჰგავს.

კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და დაცვის ხაზის ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა, გულახდილად ისაუბრა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მძიმე დაცემაზე, მწვრთნელების მუდმივ ცვლასა და თანამედროვე გასახდელში არსებულ დაპირისპირებებზე. ვეტერანი, რომელსაც „იუნაიტედი“ კვლავ საკუთარ კლუბად მიაჩნია, საყვარელი გუნდის პრობლემების გააზრებულ შეფასებას გვთავაზობს.

რიო:

„შეხედეთ, სად არის ახლა კლუბი — ალექს ფერგიუსონის წასვლისა და ჩვენი თაობის შემდეგ ყველაფერი დაღმასვლისკენ წავიდა. გუნდი უმძიმეს მდგომარეობაშია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ვფიქრობ, კლუბის მართვის სტილმა მას ბევრი პრობლემა შეუქმნა. კლუბიდან დიდი თანხები გავიდა, თანაც მას კვლავ უზარმაზარი ვალი აქვს.

მხოლოდ მწვრთნელების ცვლილებების რაოდენობას რომ შეხედოთ, მიხვდებით, რომ კულისებს მიღმა გაცილებით სერიოზული პრობლემაა. შეუძლებელია, ყველა მწვრთნელი ყოფილიყო ამის მიზეზი. პრობლემა უფრო მაღლა, ხელმძღვანელობის დონეზე უნდა იყოს“,

— განაცხადა რიომ.

წარსულის დიდებულება აწმყოს მძიმე ტვირთად ექცა. ფერდინანდისა და მისი თანაგუნდელების მიღწევებმა ისეთი მოლოდინები შექმნა, რომელთა ფონზეც თანამედროვე გუნდის თითოეული წარუმატებლობა კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება.

„ტელევიზიაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბევრი წარმომადგენელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კლუბი ერთ დროს წარმოუდგენლად დომინანტი იყო. ჩვენ იმდენად ძლიერები ვიყავით, რომ ეს წარსული დღევანდელ მოვლენებს უზარმაზარ ჩრდილს აყენებს. ახლა ყველაფერი იმდენად ცუდად გამოიყურება, რომ წარსულთან შედარება მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ამას ემატება ისიც, რომ ჩემნაირ, როი კინსა და გარი ნევილის მსგავს ადამიანებს საჯარო პლატფორმა გვაქვს და ჩვენი ხმა უფრო ხმამაღლა ისმის. ამ მხრივ დღევანდელი ფეხბურთელები მეცოდებიან, რადგან მათთვის ახლა გაცილებით რთულია. გაცილებით მეტი ადამიანი საუბრობს და გაცილებით მეტი პლატფორმა არსებობს“,

— განმარტა რიომ

თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ყველას შედეგი დაუყოვნებლივ სურს, მოთმინება და ხანგრძლივი აღმშენებლობის პროცესის მიღება სულ უფრო რთული ხდება. „მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვერვალზე დაბრუნების სურვილმა პანიკის კულტურა შექმნა. როგორც კი სიტუაცია რთულდება, მწვრთნელის გათავისუფლების მოთხოვნებიც ჩნდება. თუმცა ფერდინანდი რაციონალურობისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ დიდი კლუბის აღდგენას დრო სჭირდება.

„როდესაც კლუბის მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ გულშემატკივრისთვის ეს რთულია, რადგან ემოციებს აჰყვები და ყველაფერი ახლავე გინდა. ყველას გვინდა ასე. მეც მინდა, რომ ყველაფერი გუშინვე გამოსწორებულიყო. მინდა, პრობლემა ახლავე მოგვარდეს, მაგრამ ეს პროცესია და მას დიდი დრო დასჭირდება. მოთმინებაა საჭირო.

ჩვენი დღევანდელი პრობლემა ის არის, რომ როგორც კი რაიმე სირთულე ჩნდება, გუნდი ცუდ ფორმაშია ან პრობლემა წარმოიქმნება, მაშინვე იწყება მწვრთნელისა და სხვა ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნები. მესმის ეს, მესმის გულშემატკივრების ემოციებიც, მაგრამ ასე მუდმივად ვერ მოვიქცევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბში ისევ და ისევ ერთი და იგივე წრეზე ვიტრიალებთ — ადამიანები მოვლენ და მალევე წავლენ, როგორც აქამდე ხდებოდა“,

— აღნიშნა რიომ.

ფერდინანდი ხაზგასმით ამბობს, რომ მწვრთნელებს — იქნება ეს დროებითი სპეციალისტი, რომელიც რთულ პერიოდს უმკლავდება, თუ მუდმივი მთავარი მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი სათამაშო ფილოსოფიის დანერგვა სურს — წარმატების მისაღწევად დრო უნდა მიეცეთ. რთული პერიოდი გუნდის გაძლიერების შესაძლებლობად უნდა იქცეს და არა მწვრთნელის გათავისუფლების მიზეზად.

„საჭიროა მოთმინება და ადამიანებისთვის დროის მიცემა, რათა რთულ პერიოდს გაუმკლავდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი თავი დაამტკიცონ ან, პირიქით, აჩვენონ, რომ ამ საქმისთვის შესაფერისი ადამიანები არ არიან. შეუძლიათ თუ არა სიტუაციის შემოტრიალება?

უკვე მომხდარზე მსჯელობისას ყველას გვგონია, რომ ყველაფრის წინასწარმეტყველება შეგვეძლო, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანებმა გარკვეული დროის მიღების უფლება უნდა დაიმსახურონ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცუდი პერიოდი გადაიტანონ. არ დაგავიწყდეთ, როდესაც ვინმე პირველად აწყდება სერიოზულ სირთულეს, მაშინვე ვეუბნებით: წადი! ეს ნორმალური არ არის.“

ციფრულ ეპოქაში ფეხბურთის კულტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე გასახდელი ჩაკეტილი სივრცე იყო, სადაც შიდა საკითხები გარეთ არ გადიოდა, დღეს ეს საზღვრები სულ უფრო ირღვევა. ბოლო პერიოდში არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა მედიასთან ღიად გამოხატა უკმაყოფილება მწვრთნელის ტაქტიკისა თუ კლუბის მიმართულების გამო. ფერდინანდისთვის კი გასახდელი წმინდა ადგილია. უთანხმოება ბუნებრივია და ზოგჯერ აუცილებელიც, თუმცა ის გუნდის შიგნით უნდა დარჩეს.

„პირველ რიგში, როგორც ფეხბურთელი, ამას არასდროს გავაკეთებდი. როდესაც მოედანზე მოთამაშის თვალით ვუყურებდი სიტუაციას, გასახდელი წმინდა ადგილი იყო. დავუშვათ, მწვრთნელთან უთანხმოება გაქვს, მასთან კონფლიქტი გაქვს ან მის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმები. როგორ ფიქრობთ, სერ ალექს ფერგიუსონის ყველა ტაქტიკურ გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი? არა. მასთან ამის შესახებ რამდენჯერმე სერიოზულადაც მისაუბრია, მაგრამ პრესასთან ამაზე არასდროს მილაპარაკია.

ეს ჩვენს გამარჯვებაში დაგვეხმარებოდა? რა მიზანი აქვს იმას, თუ მედიასთან მწვრთნელზე ვისაუბრებ? დაეხმარება ეს მწვრთნელს? დაეხმარება გუნდს? უფრო მეტ ზეწოლას გამოიწვევს და ჩვენზე ნეგატიურ საუბრებს გააძლიერებს? რა თქმა უნდა“.

ფერდინანდს კონკრეტული დაპირისპირებაც ახსენდება, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელს უკავშირდება. ეს მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხის შემდეგ მომხდარი სერიოზული უთანხმოება იყო, თუმცა საკითხი იმ ფორმით გადაწყდა, როგორსაც ნამდვილი ლიდერობა მოითხოვს — უშუალოდ გუნდის შიგნით.

„რომში, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ტაქტიკურ მიდგომას არ ვეთანხმებოდი. ამის შესახებ გასახდელში ღიად გამოვთქვი ჩემი აზრი. მატჩის შემდეგ რამდენიმე ჩვენგანი ერთად ვისხედით და ამაზე ვსაუბრობდით. მწვრთნელმა ყველაფერი იცოდა და რამდენიმე თვის შემდეგ ცალკე დამიბარა: „შენ ვინ გგონია შენი თავი?“ ამ თემაზე ვისაუბრეთ. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, მან — თავისი.

მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს შორის დარჩა. მხარს არ დავუჭერდი ფეხბურთელს, რომელიც საჯაროდ გამოდის და მწვრთნელის ტაქტიკას აკრიტიკებს, მაშინაც კი, თუ მის აზრს ვეთანხმები. ასეთ დროს მწვრთნელის კარზე უნდა დააკაკუნო ან მთელი გუნდის წინაშე უთხრა: „ბოს, ეს რა ჯანდაბაა?“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებისთვის ყველაზე რთულად მისაღები შესაძლოა ის რეალობა იყოს, რომ კლუბს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მოზიდვის ძველი უპირატესობა აღარ აქვს. გუნდის ემბლემა კვლავ სიმბოლურია, ისტორია — გამორჩეული, თუმცა „ოლდ ტრაფორდის“ მიზიდულობის ძალა შესუსტებულია. ფინანსური და სტრუქტურული თვალსაზრისით, „იუნაიტედი“ სახელმწიფოების მიერ დაფინანსებულ კლუბებსა და უკეთ მართულ ევროპულ გრანდებს ჩამორჩება.

ფერდინანდი მიიჩნევს, რომ საჭიროა მტკივნეული, მაგრამ გულწრფელი შეფასება იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია კლუბს უახლოეს მომავალში.

„„მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი სახელისა და ისტორიის მქონე კლუბია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს ავტომატურად დაიმატებ. პირველ რიგში, დღეს ჩვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას აღარ გვაძლევს. ფეხბურთელებს 115 ან 120 მილიონ ევროდ ყიდულობენ, „იუნაიტედი“ კი ასეთ თანხებს ვერ სწვდება და ამ დონეზე კონკურენცია აღარ შეუძლია.

ამიტომ ახლა სხვა ბაზარზე გვიწევს მუშაობა. ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისეთი ფეხბურთელების შეძენა გვიწევს, რომლებიც შესაძლოა ერთი ან ორი საფეხურით ჩამორჩებიან იმ მოთამაშეებს, რომელთა დამატებაც ადრე შეგვეძლო.

წარსულში „მანჩესტერ იუნაიტედს“ არავისთან თავის წარდგენა და საკუთარი უპირატესობების ახსნა არ სჭირდებოდა. საკმარისი იყო, გვეთქვა: „ჩვენთან სერ ალექს ფერგიუსონი მუშაობს და ტიტულებს ვიგებთ“. ფერგიუსონი იტყოდა, ამ ფეხბურთელის დამატება გვინდაო, და ათიდან ცხრა შემთხვევაში ის მოთამაშე ჩვენთან მოდიოდა“.

თუმცა, რეალობის მიღება დანებებას არ ნიშნავს. ფერდინანდისთვის „მოლოდინებსა“ და „სტანდარტებს“ შორის განსხვავების გააზრება ის მთავარი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფერფლიდან აღდგომას. გუნდისგან მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და მუშაობის მოთხოვნა შესაძლებელია ისე, რომ ჩემპიონობა დაუყოვნებლივ არ იყოს აუცილებელი.

„ჩვენი მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ ახლა ჩემპიონატს მოვიგებთ. მაგრამ ჩვენი სტანდარტი აუცილებლად უნდა იყოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ჩვენი სტანდარტები უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ჩემპიონობისთვის.

თუმცა, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ახლა ან მომდევნო სეზონში აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით ან ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ. რეალურად, ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ ვართ.

ვფიქრობ, სწორედ აქ ერევათ ადამიანებს ერთმანეთში ორი განსხვავებული რამ. როდესაც ამბობენ, რომ სტანდარტებს ამცირებ, ეს ასე არ არის. მე მოლოდინები შევამცირე, მაგრამ სტანდარტები კვლავ მაღალი უნდა დარჩეს, რათა იქ დავბრუნდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“,

— დაასკვნა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 4 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. მაიკლ კერიკის გუნდი 7 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ერთი პოზიცია აშორებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პირს მორგანი: რონალდუმ მითხრა რომ ტენ ჰაგი განხილვადაც კი არ ღირს
    პირს მორგანი: რონალდუმ მითხრა რომ ტენ ჰაგი განხილვადაც კი არ ღირს