კარგი ამბავი: სიგუა ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ბრუნდება
კრისტალსპორტის ინფორმაციით, შვეიცარიული „ბაზელის“ ქართველმა ფეხბურთელმა გაბრიელ სიგუამ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით დაასრულა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.
21 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია, გასული სეზონის მიწურულიდან მოყოლებული სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და ახლა თამაშისთვის მზადაა. სავარაუდოდ, ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ „ბაზელის“ მაისურით ოფიციალურ მატჩებში ვიხილავთ.
ფეხბურთელის ორგანიზმი ინტენსიური თამაშისთვის მზდ არ იყო, კუნჭი ეჭიმებოდა. ამიტომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია აუცილებელი იყო.
Basler Zeitung-ის ჟურნალისტმა ლინუს შაუფერტმა მაისში გაავრცელა ფოტო, სიგუა „ბაზელში“ რეაბილიტაციას იწყებდა.

შვეიცარიის ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ „ბაზელი“ 14 ქულით მე-7 ადგილზეა, 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. სეზონის დასაწყისში მთავარი მწვრთნელი შტეფან ლიხშტაინერი იყო, რომელიც სექტემბერში სლავიშა იოკანოვიჩმა შეცვალა.
2023 წლის ზაფხულში თბილისის „დინამომ“ 18 წლის სიგუა „ბაზელს“ დაახლოებით 700 000 ევროდ მიჰყიდა. თუმცა ტრავმების გამო მან შვეიცარიულ კლუბში საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა ვერ შეძლო — ორ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, მოედანზე მხოლოდ 963 წუთი (36 მატჩი) გაატარა, გაიტანა 4 გოლი, შეასრულა 1 საგოლე გადაცემა და 4 ყვითელთან ერთად 1 წითელი ბარათი მიიღო.
სწორედ ამის გამო გაატარა გასული სეზონი იჯარით „ლოზანაში“, სადაც ყველა ტურნირზე 1 718 წუთი (27 მატჩი) ითამაშა, 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი მიითვალა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო. ტრავმების გამო სიგუას არასტაბილური პერიოდები „ლოზანაშიც“ ჰქონდა — სეზონის მეორე ნახევარში შვეიცარიის ჩემპიონატის 20 პოტენციური მატჩიდან მხოლოდ 4-ში ითამაშა. გასული სეზონის მიწურულს, „ბაზელს“ დაუბრუნდა, სადაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია გაიარა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს