თუ ყვირილს დაუწყებ, თავის თავში იკეტებიან | სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუ ფრანგულ იუთუბ-არხზე, Nouvelle Énergie avec David Lisnard-ზე გამოქვეყნდა. ინტერვიუ, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჩაიწერა, დღეს გამოქვეყნდა. ინტერვიუს ჩაწერისას ვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
სანიოლი საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე: „როდესაც ეროვნულ ნაკრებში მუშაობ, არ შეგიძლია უცხო ქვეყანაში ჩახვიდე და ყველაფერი ისე აკეთო, როგორც შენ გსურს. იძულებული ხარ, დაეყრდნო ადგილობრივ კულტურას, ქვეყნის კულტურას, ფეხბურთის მათეულ ხედვას. ამის შემდეგ ცდილობ პატარა დეტალებზე იმუშაო, იმ რაღაცებზე, თუ როგორ განავითარო ისინი. მე დიდი უპირატესობა მქონდა — მათ დრო მომცეს. ისინი რეკონსტრუქციის ან მშენებლობის ეტაპზე იყვნენ, რადგან საქართველოში ეს ცოტათი უსასრულო პროცესია. სულ აშენებენ და სულ თავიდან აშენებენ, მაგრამ მათ დრო მომცეს.
ამან საშუალება მომცა იმგვარ კომფორტში ემუშავა, რაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში არ მექნებოდა. ის წარმატება, რასაც მივაღწიეთ, ასევე ამის შედეგიცაა — იმ დროის, სტაბილურობისა და იმ ნდობის, რაც ხელმძღვანელებს ჩემს მიმართ ჰქონდათ''.
კითხვა: რომელ სიტყვებს იყენებთ ყველაზე ხშირად გასახდელში? შეგიძლიათ ყველაფერი თქვათ, უზრდელური სიტყვებიც კი?
სანიოლი: „არა, ქართველებთან — არა. ქართველები სხვა კულტურის ხალხია. თუ მათ ყვირილს დაუწყებთ, ზღარბივით მოიკუნტებიან, თავის თავში იკეტებიან და აღარ გისმენენ. ცოტათი თინეიჯერივით იქცევიან. მაშინაც კი, როცა გაბრაზებული ხართ, სხვა სიტყვები უნდა იპოვოთ, ცოტა უფრო რბილი... შესაძლოა, ემოციურ მხარეს ცოტათი გასცდეთ და ყურადღება ამოცანასა და სამუშაოზე გაამახვილოთ. ხანდახან, კი, შეიძლება ხმას ცოტათი აუწიო, მაგრამ ეს მაინც ეროვნული ნაკრებია და მჯერა, რომ მოთამაშეები, რომლებიც ჩემს დაქვემდებარებაში არიან ყოველთვის მაქსიმუმს დებენ. ზოგჯერ ეს ამართლებს, ზოგჯერ — არა, მაგრამ მიზანი ეს არის — ბოლომდე დაიხარჯო, ყველაფერი გაიღო. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ გამარჯვება ყოველთვის ჩვენ არ გვეკუთვნის''.
49 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2021-26 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 58-დან 25 მატჩი მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, 23 დათმო. საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც ჯგუფური ეტაპი წამატებით დაძლია, ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვდა, მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა, რომელმაც კონტინენტის პირველობა მოიგო.
სანიოლისა და საქართველოს ნაკრების გზები სექტემბრის მიწურულს, ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ გაიყო. ფრანგი რამაზ სვანაძემ შეცვალა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს