დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ლორთქიფანიძემ გუნდს ენერგია და სიმტკიცე შესძინა | კრემონეზეს მწვრთნელის კომენტარი

იტალიის სერია B-ში „კრემონეზემ’’ „მანტოვას’’ სტუმრად მოუგო (0:2), რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა დაჩი ლორთქიფანიძემ შეიტანა. სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 74-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, ცვლილებაზე გამოვიდა და მეორე გოლისას საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, ერთ ეპიზოდში გუნდი გოლისგან ორჯერ იხსნა.

მატჩის შემდეგ კრემონული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო პეკიამ დაჩიზე დადებითად ისაუბრა: „ლორთქიფანიძემ მთელ გუნდს მნიშვნელოვანი ენერგია და სიმტკიცე შესძინა. ეს სწორედ იმ მენტალიტეტის ჩამოყალიბების მაგალითებია, რომელიც უნდა განვავითაროთ. ასეთი არის ჩემპიონატი. იყო მონაკვეთი, როდესაც ბევრი შავი სამუშაოს შესრულება მოგვიწია, თუმცა ამ გამოწვევას გააზრებულად და თავმდაბლობით გავუმკლავდით“.

ლორთქიფანიძის საგოლე პასი „მანტოვასთან’’

კრემონული გამოცემა Sportgrigiorosso დაჩიზე წერს:

„ლორთქიფანიძის თამაშში ჩართვა შთამბეჭდავი იყო. მოედანზე ყოფნის საწყის წუთებში მარჯვენა ფლანგზე სისწრაფით გაიჭრა და იდეალური ჩაწოდება შეასრულა, ნასტი ზუსტად დროულად ახტა და თავური დარტყმით ანგარიში 2:0 გახდა.

ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში ამით არ დასრულებულა. „მანტოვას“ საბოლოო შტურმისას დამატებით მცველად მოგვევლინა და კარის ხაზიდან გადამწყვეტი ბურთი გამოიტანა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ბრძოლისუნარიანობასა და გუნდისთვის თავდაუზოგავად მუშაობის მზაობას, რასაც ფაბიო პეკია მხოლოდ დადებითად შეაფასებდა.

ლორთქიფანიძემ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი ასეთი მრავალმხრივი თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესზე მეტყველებს. არსებული შთაბეჭდილებით, ლორთქიფანიძეს გუნდის როტაციაში სათამაშო დროის კიდევ უფრო გაზრდის კარგი პერსპექტივა აქვს''.

ფაბიო პეკიას ხელმძღვანელობით დაჩიმ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. მანამდე მარკო ჯამპაოლომ იტალიის თასზე „სამპდორიასთან“ (8 წუთი) და სერია B-ს მეორე ტურში „მოდენასთან“ (45 წუთი) ათამაშა.

იტალიის რანგით მეორე ლიგაში კრემონულ კლუბს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. 20-გუნდიან ჩემპიონატში 9 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-15 ადგილზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები